- მას შემდეგ, რაც ფიჯიმ ავსტრალია დაამარცხა, C ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაიძაბა
- უელსელები აღნიშნავენ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ბორჯღალოსნებსაც აქვთ
საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის მე-3 სათამაშო კვირა ხვალ იტალიისა და ურუგვაის მატჩით გაიხსნება. საქართველოს ნაკრებმა ავსტრალიასთან 15:35 მარცხის შემდეგ, გასულ კვირას დაისვენა, ახლა კი შაბათს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ლევან მაისაშვილის გუნდს ამ მატჩის გარდა კიდევ 2 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი - ფიჯისთან და უელსთან. შესაბამისად, ბორჯღალოსნებს ჯგუფიდან გასვლის შანსი კიდევ აქვთ, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კვირას კუნძულელებმა "ვოლაბები" დაამარცხეს, რის შედეგადაც C ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაიძაბა.

გამოცემა WalesOnline უელსის ნაკრების გასვლის შანსებზე წერს. ავტორი ყველა სცენარში საქართველოსთან მოგებას განიხილავს, მაგრამ სტატიის ბოლოს ასევე აღნიშნავს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი "ბორჯღალოსნებსაც" აქვთ, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ამას მხოლოდ ოპტიმისტები ვარაუდობენ.
"საქართველოს კვლავ აქვს დიდი ნაწილი სათამაშო. ფიჯის ავსტრალიასთან გამაოგნებელი გამარჯვების შემდეგ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსაც აქვს კვალიფიკაციის შანსი, თუმცა, მხოლოდ მარადიული ოპტიმისტები გააკეთებენ ფსონს ბორჯღალოსნების ჯგუფიდან გასვლაზე. ქართველები "ვოლაბების" წინააღმდეგ გასულ უიქენდზე შეშინდნენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიასთან 15:35 განადგურებას ჰგავს, ეს ასე არ ყოფილა", - წერს უელსური გამოცემა.
C ჯგუფს 10 ქულით უელსი ლიდერობს, 6-6 ქულა ავსტრალიასა და ფიჯის აქვთ, მე-4 და მე-5 ადგილებს კი უქულოდ საქართველო და პორტუგალია ინაწილებენ.
კომენტარები