- შტურმის ნახევარმცველი ზალცბურგთან სუპერგოლითა და ასისტით გამოირჩა
- 27 წლის ქართველი ფეხბურთელი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. გრაცის შტურმის 27 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელმაც ზალცბურგთან შეხვედრაში (2:2) გოლი და საგოლე პასი მიითვალა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა, ტურის MVP-ად გულშემატკივრებმა დაასახელეს.
გამოკითხვა საიტმა laola1.at-მა ჩაატარა, რომელსაც ოთართან ერთად კიდევ 4 მოთამაშე ჰყავდა წარდგენილი. ქართველმა ფეხბურთელმა დამაჯერებლად გაიმარჯვა - გულშემატკივრების ხმათა 51% სწორედ მან მიიღო.

"ქართველმა შთაბეჭდილება რედ ბულ ზალცბურგის კარში გატანილი საოცნებო გოლით მოახდინა და გუნდს ჩემპიონებთან ქულის მოპოვებაში დაეხმარა. საკმარისი მიზეზი იყო საიმისოდ, რათა მისთვის ხმათა 51% მიგეცათ", - წერს საიტი.
კიტეიშვილმა ზალცბურგთან საშინაო შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, ეფექტური გოლი 53-ე წუთზე შეაგდო, კიდევ 10 წუთის შემდეგ კი საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.
ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის შვიდივე შეხვედრაში ითამაშა და 2-2 გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. გრაცის შტურმს 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ ზალცბურგს ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას გრაცელები 21 სექტემბერს, ევროპალიგის ჯგუგურ ეტაპზე, შინ სპორტინგთან გამართავენ, ჩემპიონატს კი 24 სექტემბერს, ვენის რაპიდთან გასვლითი შეხვედრით დაუბრუნდებიან.
კომენტარები