Thumbnail

Voetbal International-ის ჟურნალისტი ფრეეკ იანსენი აიაქსში შექმნილ რთულ ვითარებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ამსტერდამელებს ბევრი რამის შეცვლა მოუწევთ, მათ შორის, ქართველ ფორვარდ გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებითაც, რომელსაც ნიდერლანდურ გრანდში თავის დამკვიდრება გაუჭირდა.

"ისეთი არეულობა, როგორიც ახლა აიაქსში სუფევს, არასდროს მახსენდება. ცხადია, იყო მძიმე პერიოდები, როდესაც მწვრთნელი ცუდად მუშაობდა ანაც ახალმა ფეხბურთელებმა ვერ გაამართლეს, თუმცა, ახლა, მგონი, ყველაფერი ერთად ხდება. კლუბის ყოფილი დირექტორი მარკ ოვერმარსი გამოწვევებთან გამკლავებას თითქმის ყოველთვის ახერხებდა, ამჟამად კი, ძალიან მძიმე ვითარებაა.

თავის დროზე, როდესაც კლუბიდან ანტონი წავიდა, ყველაზე პრობლემატური მარჯვენა ვინგერის პოზიცია იყო. კუდუსის მოყვანით ეს სიცარიელე აღმოიფხვრა, თუმცა, უკვე მარტი-აპრილში ვიცოდით, რომ ისიც მიდიოდა. და რა გაკეთდა მისი შემცვლელის მოსაძიებლად? არაფერი. ისე გამოვიდა, რომ აიქსში არც მარჯვენა ნახევარმცველია და არც ნამდვილი 10 ნომერი.

ყველამ ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ მიქაუტაძე სიტარდთანა და აკპომი – ტვენტესთან. მათ რაღაც გაურკვეველი როლები ერგოთ და კარგად სჩანდა, რომ ახალ ამპლუაში ძალიან დაბნეულად გამოიყურებოდნენ. ეს მათი პოზიციები აშკარად არ იყო. საერთო შედეგისთვის, პრობლემაა ისიც, რომ არავინ იცის რა პრინციპით კომპლექტდება შემადგენლობა. დღეს შეიძლება 90 წუთი ითამაშო, მომდევნო მატჩში კი სათადარიგოთა სკამზე იყო. შეუძლებელია ეს ფეხბურთელებზე არ მოქმედებდეს".

გიორგი მიქაუტაძეს ახალ ჩემპიონატში ადაპტაცია გაუჭირდა

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერის შესახებ 30 აგვისტოს გახდა ცნობილი (მასში 16 მილიონი ევრო გადაიხადეს), 3 სექტემბერს კი მან სიტარდთან ერედივიზიონის მატჩში 90 წუთი ითამაშა, თუმცა, დიდად წარმატებული მატჩი არ ჰქონია.

გიორგის დებიუტით რომ უკმაყოფილო დარჩნენ, იმითიც დადასტურდა, რომ ტვენტესთან შეხვედრაში ის უკვე შეცვლაზე გამოჩნდა (64-ე წუთზე) და შედეგიანი ქმედება ისევ არ ჰქონია.

აიაქსს ერედივიზიონში 4 მატჩის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა აქვს და მისთვის უჩვეულო მე-12 ადგილზეა. ამსტერდამელები მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს როტერდამის ფეინოორდთან ჩაატარებენ, მანამდე კი, 21-ში, ევროპალიგის ეგიდით ფრანგულ მარსელს უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები