- გერმანიის ეროვნულ გუნდს ჰანსი ფლიკის შემდეგ იულიან ნაგელსმანი ჩაიბარებს
- 36 წლის სპეციალისტის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად მალე გამოცხადდება
პრაქტიკულად გადაწყვეტილია - გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ჰოფენჰაიმის, ლაიპციგისა და ბაიერნის ყოფილი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ჩაიბარებს. Bild-ის ცნობით, DFB (გერმანიის ფეხბურთის კავშირი) 36 წლის სპეციალისტთან შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა და მხარეებს გასარკვევი მხოლოდ კონტრაქტის ფინანსური დეტალები რჩებათ.
ნაგელსმანის გერმანიის ნაკრებში დანიშვნის შესახებ ოფიციალურად სულ მალე უნდა გამოცხადდეს. კონტრაქტის გაფორმება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატამდე იგეგმება. როგორც ირკვევა, ნაგელსმანს მოუწევს ეროვნულ გუნდში იმაზე გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას დათანხმდეს, ვიდრე უწინდელ სამუშაო ადგილზე ჰქონდა. მწვრთნელის ხელფასი თვეში დაახლოებით 400 ათასი ევრო იქნება.
სპეციალისტი ბოლოს ბაიერნს წრთნიდა - 2021 წლის ივლისიდან 2023 წლის მარტამდე. გადადგმობის მიუხედავად, მიუნხენური კლუბი ნაგელსმანს აქამდე ნაწილობრივ მაინც უხდის ხელფასს, რომელიც სეზონში 7 მილიონ ევროს შეადგენდა.

გერმანიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე 10 სექტემბერს დარჩა, როდესაც იაპონიასთან 1:4 წაგების შემდეგ, თანამდებობის დატოვება ჰანსი-დიტერ ფლიკს მოუხდა. მიზეზი გუნდის მიერ საშინაო ევრო 2024-ისთვის ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში ნაჩვენები ცუდი შედეგები გახდა.
იულიან ნაგელსმანი გერმანიის ეროვნულ გუნდს ოქტომბერში ამერიკულ ტურნეში წაუძღვება, სადაც ამხანაგურ მატჩებს აშშ-ისა (14 ოქტომბერს) და მექსიკის (18 ოქტომბერს) ნაკრებებთან ჩაატარებს. გერმანელები კიდევ ორი თამაშის გამართვას ნოემბერში აპირებენ - 18-ში თურქეთთან, 21-ში კი - ავსტრიასთან.
კომენტარები