Thumbnail

აზიის ჩემპიონთა ლიგაში თავისი შეხვედრა გამართა კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, ვაკო ყაზაიშვილმა, რომლის ულსან ჰიუნდაი სახლში პათუმ იუნაიტედს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. ვაკომ ამ მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის გმირი მასპინძელთა ფორვარდი მარტინ ადამი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. უნგრელმა ფეხბურთელმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა, სტუმრებმა კი მეორე ტაიმის დაწყებამდე წონასწორობის აღდგენა მოახერხეს - გოლი რაიან სტიუარტმა გაიტანა. ადამმა თავისი გუნდი 73-ე წუთზე კვლავ წინ გაიყვანა, ზუსტად 5 წუთში კი ვაკოს საგოლე გადაცემით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, ულსან ჰიუნდაიმ აზიის ჩემპიონთა ლიგაში პირველი მოგება გაიფორმა. სამხრეთ კორეის ჩემპიონისა და ტაილანდური პათუმ იუნაიტედის გარდა I ჯგუფში კავასაკი ფრონტალე და ჯოჰორ დიტი არიან. შემდეგ მატჩს ამ ტურნირზე ყაზაიშვილის გუნდი 3 ნოემბერს გამართავს, მანამდე კი, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ორი შეხვედრა ელის.

შეგახსენებთ, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგაში ოთხი ქართველი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას. თომა ტაბატაძემ და ჯაბა ჯიღაურმა თავიანთი შეხვედრები გუშინ ჩაატარეს, დღეს კი, გიორგი გველესიანის პერსეპოლისი კრიშტიანო რონალდოს ალ-ნასრს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები