Thumbnail
  • 'უელსთან ისე ვითამაშეთ, მსოფლიო თასზე პირველი მოგების დრო დადგა'
  • ნიკოლას მარტინშის კომენტარი ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ

პორტუგალიის ნაკრების მორაგბე ნიკოლას მარტინშს სჯერა, რომ მსოფლიო თასის მომდევნო მატჩში მისი გუნდი საქართველოს დამარცხებას მოახერხეს, ამის იმედს კი ის თამაში აძლევს, რომელიც "ლობუშმა" უელსთან შეხვედრაში აჩვენა.

"უელსთან თამაში ჩვენთვის ნამდვილად იმედისმომცემი იყო. მგონი, ყველას ვაჩვენეთ, რომ აქ შემთხვევით არ მოვხვედრილვართ. მოგეხსენებათ, ძირითადად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობთ და იქ მათ შორის, პოლონეთთან და ბელგიასთან დაპირისპირებაც გვიწევს. ალბათ, ასე საუბარი კარგი არაა, თუმცა, ისინი ჩვენზე სუსტები არიან. სწორედ ამიტომ გვინდა უფრო მაღალი კლასის ნაკრებებთან თამაში, რომ ყველასთვის კონკურენტუნარიანი გუნდი გავხდეთ. უელსთან მატჩის შემდეგ, ჩვენი მიზანი უკვე მსოფლიო თასზე პირველი მოგებაა. დიახ, ნამდვილად ვფიქრობთ, რომ საქართველოს დამარცხებას შევძლებთ. უელსთან კარგი მომენტებიც იყო და ცუდიც. ახლა, ცუდი მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. საქართველოსთან შერკინებისთვის მართლაც მაგრად ვემზადებით, რადგანაც ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება".

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ უელსთან თამაში 8:28 წააგო, "ლობუშის" ერთადერთი ლელო კი სწორედ ფრანგული ანგულემის მესამეხაზელმა დადო. სხვათა შორის, მარტინშის შედეგიანი შეტევა საკმაოდ მახვილგონივრულად გათამაშებულ აუტს მოჰყვა.

თავის მხრივ, მსოფლიო თასზე ასევე ერთი მატჩი აქვთ გამართული ბორჯღალოსნებს, რომლებიც ავსტრალიას ვერ გაუმკლავდნენ – 15:35. ქართულ-პორტუგალიური დაპირისპირება 23 სექტემბერს ტულუზაში არის დაგეგმილი და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის, C ჯგუფს 10 ქულით უელსი ლიდერობს, ფიჯისა და ავსტრალიას 6-6 ქულა აქვთ, შემდეგ კი, უქულოდ საქართველო და პორტუგალია მოდიან. მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები