Thumbnail
  • ესპანური მედია ვალენსიას 22 წლის ქართველი მეკარის მომავალზე ისევ წერს
  • მამარდაშვილის გადაბირების შესაძლებლობას ლონდონის ჩელსი განიხილავს
  • გიორგის ტრანსფერს დიდწილად რუბენ ბარახას გუნდის შედეგები განაპირობებს    

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მიმარდაშვილი ვალენსიაში შთამბეჭდავ გამოსვლას აგრძელებს და შესაბამისად, ძლიერი ევროპული კლუბების თვალთახედვის არეში რჩება. გასულ ზაფხულს ბევრი იწერებოდა 22 წლის გოლკიპერის რომელიმე გრანდში შესაძლო გადაბარგებაზე, რისი ერთ-ერთი მიზეზი ვალენსიას რთული ეკონომიკური მდგომარეობა იყო. სახელდებოდა თანხაც - დაახლოებით 30 მილიონი ევრო, რომელსაც კლუბი ითხოვდა. 

საბოლოოდ გიორგი მაინც "მესტალიაზე" დარჩა… და კვლავაც მაღალ დონეზე თამაშობს - სეზონის სტარტზე ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან ორში კარი მშრალად შეინახა, განსაკუთრებით დამაჯერებელი კი ლა ლიგის ბოლო ტურში, მადრიდის ატლეტიკოსთან მოგებულ თამაშში (3:0) იყო.

გიორგის ატლეტიკოსთან მატჩში 3 სეივი ჰქონდა

ამის ფონზე, ესპანური fichajes.net მამარდაშვილზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ქართველ მეკარესთან დაკავშირებით ვალენსიას პოზიციის შესაძლო ცვლილებაზე წერს.

"ქართველი მეკარე "მესტალიაზე" ბრწყინვალე თამაშის წყალობით კვლავაც განაგრძობს ევროპული გრანდების ყურადღების მიპყრობას. 

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას მთავარ ვარსკვკლავად ისევ მოგვევლინა. ის კვლავაც დიდებულად თამაშობს და ლა ლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა ჩელსისთვის, რომელიც მომავალ სეზონში მეკარის გადაბირების ერთ-ერთი კანდიდატია. 

თუკი ერთი წლის წინ მამარდაშვილის გაყიდვა კლუბის მიერ განიხილებოდა როგორც უნიკალური შესაძლებლობა ბიზნესის კუთხით, ახალ სეზონში რუბენ ბარახას გუნდის კარგმა გამოსვლამ გააჩინა 2024/25 წლების ევროთასებზე მოხვედრის იმედი. ეს ყველაფერი კი ვალენსიას პოზიციას მამარდაშვილის გასხვისებასთან დაკავშირებით რადიკალურად ცვლის. 

ვნახოთ, წავა თუ არა მამარდაშვილი "სტემფორდ ბრიჯზე", სადაც ჩელსის 40 მილიონი ევრო აქვს მის სანაცვლოდ გამზადებული, თუ მაინც შეინარჩუნებს ვალენსია თავის ვარსკვლავს".

ვალენსიას ლა ლიგაში ჩატარებული 5 მატჩში 3 მოგება და 2 მარცხი აქვს და 9 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. რუბენ ბარახას გუნდი მომდევნო ტურში, 23 სექტემბერს, ალმერიას ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები