- საქართველოს ფუტსალის ნაკრები მე-2 ტურის თამაშისთვის ემზადება
- გუნდს რონინიო გამოაკლდა, რომელსაც კიდევ ერთი ბრაზილიელი ვილიანი შეცვლის
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეორე მატჩს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
ავთანდილ ასათიანის გუნდი პორტუგალიაში დიდი დანაკლისით ჩავიდა. ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი რონინიო ვერ დაეხმარება, რომლის ნაცვლად გუნდს ვილიანი შეუერთდა.
პორტუგალიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 15 ფეხბურთელით ემზადება.
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი).
წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ვახტანგ კეკელია (ყველა – ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), ჩიმბა (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თალესი (კასკაველი, ბრაზილია), ფერნანდო (ჯოინვილი, ბრაზილია) შაგინია (პალმა, ესპანეთი), ბრუნო გომესი (პალმა, ესპანეთი), ვილიანი (პალმა, ესპანეთი).
შეგახსენებთ, რომ E ჯგუფის სასტარტო ტურში საქართველოს ნაკრებმა სომხეთს 2:1 სძლია, ხოლო პორტუგალიამ სტუმრად ფინეთს 5:1 მოუგო. პორტუგალიურ-ქართული დაპირისპირება ქალაქ ვიზეუში, 21 სექტემბერს, თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.
ცნობისთის, ელიტ რაუნდში 20 გუნდი ხუთ ჯგუფშია გადანაწილებული, საიდანაც პირდაპირ ფინალში გამარჯვებულები გავლენ, 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი საგზურის მფლობელ კიდევ ორ ნაკრებს პლეი ოფში გამოავლენს.
ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატი გაისად 14 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უზბეკეთში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 6 კონფედერაციის წარმომადგენელი 24 ნაკრები მიიღებს. როგორც აღვნიშნეთ, ევროპაზე 7 ქვოტა მოდის.
კომენტარები