- 📅 20 სექტემბერი | 🏟 ალიანს არენა | ⌚ 23:00 | ⚽ ბაიერნი V მანჩესტერი
- მიუნხენელები ფაორიტები არიან, მანჩესტერელებს პრობლემები აქვთ
- ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა იცოდეთ
შესაძლოა, მანჩესტერ იუნაიტედს დიდი ხანია, ოქროს ხანა არ უდგას, მაგრამ ეს დუელი კლასიკაა - კლასიკა, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარს ძალიან მოენატრა.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე დღის მთავარი მატჩი ზოგადად ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაპირისპირებაა: 6-გზის გამარჯვებული (ჩემპიონთა თასის ჩათვლით) მიუნხენის ბაიერნი 3-გზის ტრიუმფატორ მანჩესტერ იუნაიტედს მასპინძლობს. გერმანული და ინგლისური გრანდების დუელები ისედაც საფეხბურთო სცენის მშვენება იყო, მაგრამ 1999 წლის ლეგენდარულმა ფინალმა ბაიერნის და იუნაიტედის თამაშებს ისეთი მისტიკა შემატა, რომ ამ გუნდების ჯახი 24 წლის მერეც უნიკალურია.
2001 წლის მერე პირველად მოხდა ისე, რომ ბაიერნი და იუნაიტედი ერთ ჯგუფში არიან. ამ ფაზაში მიუნხენური გრანდი, როგორც წესი, შეუდარებელია ხოლმე - რეკორდმაისტერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 25 საშინაო მატჩიდან ყველა მოგებული აქვს. საერთო ჯამში, რეკორდმაისტერს ამ ფაზაში 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (31 მოგება, 3 ფრე) - ეს რეკორდია, რომლის გახანგრძლივებასაც გერმანული გრანდი დღეს იუნაიტედის სახით ისეთ მეტოქესთან ეცდება, რომელთანაც შინ არასდროს წაუგია (3 მოგება, 2 ფრე).
მოკლედ, მანჩესტერს ბაიერნთან საქმე საამაყოდ არ აქვს: 11 დუელიდან მხოლოდ ორი მოიგო ინგლისურმა გრანდა - ზემოთ ხსენებული ფინალი და 2010 წელს მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი შინ 3:2, სადაც დასაწყისშივე 3:0-ს იგებდა, მაგრამ ორი გოლის გაშვების გამო, ასპარეზობას გამოეთიშა.

იუნაიტედს ამ სეზონშიც ცუდი სტარტი აქვს: პრემიერლიგის ხუთ ტურში ერიკ ტენ ჰაგის გუნდი უკვე 3-ჯერ დამარცხდა, მათ შორის, ბოლოს, შინ ბრაიტონთან. ლოგიკურია, რომ ნიდერლანდელის მიმართ კრიტიკა ძლიერდება, მიუნხენში ფეხის დაცდენამ კი შესაძლოა ყველაფერი პიკზე მიიყვანოს. ბაიერნმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში ლევერკუზენთან დაკარგა ქულები, თორემ იქამდე უდანაკარგო იყო. თუმცა, თომას ტუხელის გუნდს სეზონის სტარტზე გერმანიის სუპერთასზე ლაიპციგთან განადგურებაც უნდა ახსოვდეს. მთლიანობაში, ამ ბაიერნის მიმართ მაინც არსებობს შეკითხვები, მანჩესტერთან თამაში კი გამოცდა იქნება.
ცალკე ინტრიგაა ჰარი კეინი - ინგლისელის შეძენას მანჩესტერელები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდათ, საბოლოოდ კი, ჰარი ბაიერნში გადავიდა, სადაც ყველაფერი კარგად მისდის - ბუნდესლიგის 4 ტურში უკვე 4 გოლი შეაგდო. ორივე გუნდს ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელები, თუმცა, მოედანზე მაინც სოლიდური და ანგარიშგასაწევი შემადგენლობებით გავლენ.
ამავე ჯგუფში არიან კოპენჰაგენი და გალათასარაი. დანიის ჩემპიონის შანსზე საუბარი რთულია, მაგრამ გალათასარაი სახიფათო გუნდი ჩანს, ამიტომ, ბაიერნს და მანჩესტერს ყურადღებით ყოფნა მოუწევთ, განსაკუთრებით, "წითელ ეშმაკებს", რომლებსაც დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგაში ღირებული და დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებიათ.
საინტერესო ფაქტები
🟠 ბაიერნი და მანჩესტერი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაში 11-ჯერ შეხვედრიან. ბოლოს ეს მოხდა 9 წლის წინ, როდესაც ბაიერნმა მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში ინგლისური გრანდი 3:1 დაამარცხა. ჯგუფურ ეტაპზე კი, მათი ბოლო დაპირისპირება 2001 წლით თარიღდება.
🟠 11 მატჩიდან ბაიერნმა 4 მოიგო, 2-ჯერ მანჩესტერმა გაიმარჯვა, ხოლო 5-ჯერ ფრე დაფიქსირდა. 2009/10 და 2013/14 წლების სეზონებში ბაიერნმა იუნაიტედს პლეი ოფში ორჯერ აჯობა.
🟠 თუმცა, მანჩესტერისთვის დაუვიწყარია 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონაში, როდესაც გერმანულ გრანდს ისტორიაში ერთ-ერთი დრამატულ ბრძოლაში აჯობა (2:1).
🟠 მანჩესტერს ჩემპიონთა ლიგაში უფრო მეტი წაგება მხოლოდ ბარსელონასთან აქვს (5), ვიდრე ბაიერნთან (4).
🟠 ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (31 მოგება, 3 ფრე), რაც ყველაზე გრძელი სერიაა ტურნირის ისტორიაში.
🟠 ბაიერნს მანჩესტერის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე არასდროს წაუგია (3 მოგება, 2 ფრე).
🟠 მანჩესტერმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 12 მატჩში კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა (4 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება).
🟠 ბაიერნის ბოლო 5 მატჩში 5-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.
🟠 მანჩესტერის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.
🟠 ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - მაზრაუი, უპამეკანო, კიმი, დევისი - ლაიმერი, გორეტცკა - სანე, მუსიალა, გნაბრი - კეინი.
ტრავმა: ბახმანი, გერეირო, ნოიერი, კომანი.
მანჩესტერი (4-2-3-1): ონანა - დალო, ლინდელოფი, მარტინესი, რეგილონი - კაზემირო, ერიკსენი - გარნაჩო, ბრუნო ფერნანდეში, რაშფორდი - ჰოილუნი.
ტრავმა: ვან-ბისაკა, ვარანი, მაუნთი, შოუ, ანტონი, სანჩო, მალასია, ამრაბატი.
კომენტარები