- 📅 20 სექტემბერი | 🏟 ბრაგა | ⌚ 23:00 | ⚽ ბრაგა V ნაპოლი
- რუდი გარსიამ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ნაპოლი პორტუგალიაში ბრაგას დაუპირისპირდება. იტალიის ჩემპიონის რეისი პორტუგალიის მიმართულებით შეფერხდა, რის გამოც შესაბამისად, ისინი დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით ჩავიდნენ.
ამიტომაც, გადაიწია რუდი გარსიას მატჩისწინა პრესკონფერენციამ, რომელიც საბოლოოდ, მაინც შედგა. ფრანგმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიაზე თამაშის წინ ისაუბრა:
"მთელი შემადგენლობა მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ 11 ფეხბურთელი, რომელიც თამაშს იწყებს. ოსიმენმა კარგად დაიწყო, ორ თამაშში 3 გოლი გაიტანა, ამის მერე არ გაუტანია, მაგრამ იმედი მაქვს, ამჯერად გაიტანს. კვარას კი მოსამზადებელ ეტაპზე ტრავმამ შეუშალა ხელი, პირველი მატჩი გამოტოვა, მეორე შეხვედრაში მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა, მესამეში 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო.
მასთან ვილაპარაკე, რადგან მინდა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს. ერთი სული აქვს, გადამწყვეტი ფეხბურთელი უნდა იყოს და გოლი გაიტანოს, რადგან გარკვეული პერიოდია გოლი არ გაუტანია, მაგრამ ამაზე არ უნდა იფიქროს, ყოველთვის უნდა ჰქონდეს თამაშისგან სიამოვნების მიღების სურვილი. კარგია, რომ სასუოლოსთან საგოლე პასი უკვე გააკეთა. ის დიდი ფეხბურთელია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებთ. ეს ყველას ოცნებაა, გვინდა, რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ასეთი საღამოები დიდი ფეხბურთელებისთვისაა და ხვიჩაც ერთ-ერთი მათგანია", - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია 19 მარტიდან იღებს სათავეს. მიმდინარე სეზონში ქართველმა შემტევმა სამ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა. ბრაგასა და ნაპოლის მატჩი 20 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები