Thumbnail
  • ევროპოპის YouTube არხზე პირველი ოქტომბრიდან ახალი სეზონი იწყება
  • განახლებული “მაგიდის დერბის” წილისყრა უკვე გაიმართა
  • პრიზები: “ვესპას” ორი ახალი სკუტერი და ევრო 2024-ის საგზური

მეტი მონაწილე, მეტი პრიზი, მეტი თამაში და განახლებული სისტემა - ევროპოპის მკითხველებს და YouTube არხის გამომწერებს პირველი ოქტომბრიდან “მაგიდის დერბის” ახალი სეზონი გელოდებათ.

წინა სეზონის ბოლოს მინი-ჩემპიონატის ჩატარებამ გაამართლა. მოლოდინს გადააჭარბა როგორც მაყურებლების ინტერესმა და ჩართულობამ, ისე მონაწილეების აზარტმა და კმაყოფილებამ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს არხზე, ახალ სეზონში, მაგიდის კიდევ უფრო მასშტაბური გამხდარიყო. თამაში, რომელმაც პოპულარობა სწრაფად მოიპოვა, დიდ ტურნირად ვაქციეთ და კარგი პრიზებიც დავაწესეთ.

ახალ სეზონში “მაგიდის დერბი” 2 ნაწილად ჩატარდება. თითოეულ ნაწილს 8-8 მონაწილე ეყოლება, რომლებიც პლეი ოფის სისტემით მივლენ ფინალამდე. პირველი ტურნირი ახალ წლამდე დასრულდება, მეორე კი ახალი წლის შემდეგ გაიმართება. “ევროპოპის” სტუდიას ორივე ტურნირის გამარჯვებული “ვესპას” ახალი სკუტერით დატოვებს. მერე კი გველოდება სუპერფინალი გამარჯვებულებს შორის, რომლის ტრიუმფატორიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 2-კაციან საგზურს მოიგებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქ საქართველოს ნაკრების თამაშს დაესწრება.

რაც შეეხება მონაწილეებს - შემოდგომის სეზონზე ითამაშებენ: მაგიდის დერბის ვიცე-ჩემპიონი დავით მინაშვილი, მოაზროვნე და ფინანსისტი გიორგი ბაქრაძე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი და Kvartali FC-ის მთავარი მწვრთნელი ნიკა ჯღარკავა, Setanta Sports-ის დირექტორთა საბჭოს წევრი ჯუბა გრიგოლია, ისტორიკოსი ტონი ვაჭარაძე, ტელეწამყვანი სანდრო რაჩკოვსკი, კომენტატორი გიორგი პავლიაშვილი და სცენარისტი გიორგი ჯავახაძე.

უკვე გაიმართა წილისყრაც და მონაწილეები პლეი ოფში ასე დაწყვილდნენ

სანდრო რაჩკოვსკი VS გიორგი ჯავახაძე
გიორგი ბაქრაძე VS ნიკა ჯღარკავა
დავით მინაშვილი VS ჯუბა გრიგოლია
გიორგი პავლიაშვილი VS ტონი ვაჭარაძე

დავით მინაშვილი: “როცა საშუალება მეძლევა, ყოველთვის ვამბობ, რომ ევროპოპის “მაგიდის დერბი” საოცრად აზარტული თამაშია. წინა სეზონში სამი თამაში გამომივიდა და იმდენად დიდი სიამოვნება იყო, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ახალ სეზონში მონაწილეობაზეც ძალიან დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. კარგია, რომ ახალი სეზონიდან თამაში კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ძალიან საინტერესო მონაწილეები დაემატა, კარგი პრიზები და რაც მთავარია, მაყურებელს ელის დიდი სიამოვნება.”

სანდრო რაჩკოვსკი: “წილისყრით დიდად კმაყოფილი ვერ ვიქნები - ერთ-ერთი ურთულესი მეტოქე ამომივიდა. ზუსტად მხოლოდ ის ვიცი, რომ კარგად გავერთობით. წყალწაღებული მანჩესტერ იუნაიტედის ორი გულშემატკივრის დაპირისპირება საინტერესო იქნება.”

გიორგი ჯავახაძე: “წილისყრას ლაივში ვერ ვუყურე. სანდრომ მომწერა, ერთმანეთს ვხვდებითო და არ მომეწონა ეს ნიუსი. შემდეგ მომწერა, შეიძლებოდა, მინაშვილი შეგვხვედროდაო და ბოლოს მივხვდით, რომ ორივე კმაყოფილი ვართ წილისყრით. პირველი სეზონი კარგად “ვითამაშე” როგორც მაყურებელმა - ბევრ კითხვას ვპასუხობდი, მაგრამ უშუალოდ მაგიდასთან გაცილებით რთული იქნება. სანდროს და საკუთარ თავს ვუსურვებ, არ ვინერვიულოთ და მაგარი თამაში გამოვიდეს. პირველი სეზონის მონაწილეებმა ისეთი თამასა დააწესეს, მეორე სეზონის მონაწილეები ცუდ დღეში ვართ.”

ახალი სეზონიდან “მაგიდის დერბის” წესები ოდნავ იცვლება. ემატება ერთი რაუნდი, რომელსაც “პაპა კარლოს ყუთი” დავარქვით. ანუ, სამის ნაცვლად ახლა 4-4 რაუნდი გაიმართება და თუ თამაში 2:2 დასრულდა, “პენალტების სერია” იქნება. აქვე გეტყვით, რომ ტატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი, გიორგი ჯანელიძე და სხვები “მაგიდის დერბის” მეორე ტურნირზე ითამაშებენ, რომელიც ახალი წლის შემდეგ დაიწყება.

პირველი ტურნირის პირველი თამაში ევროპოპის YouTube არხზე 1 ოქტომბერს დაიდება. დაელოდეთ ახალ სეზონს და თუ ჩვენი არხი ჯერ კიდევ არ აქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები