- ნიდერლანდურ გრანდში ყველაფერი რიგზე არ არის და ეს შედეგზეც აისახება
- 22 წლის ქართველ ფორვარდს აიაქსში შესაძლებლობები დასამტკიცებელი აქვს
გიორგი მიქაუტაძის კარიერა ამსტერდამის აიაქსში ისე ვერ დაიწყო, როგორც მისი გულშემატკივრები ისურვებდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ფორვარდმა, რომელიც ნიდერლანდურ გრანდში ფრანგული მეციდან აგვისტოში გადაბარგდა, აიაქსის მაისურით უკვე ორ მატჩში ითამაშა, თუმცა ჯერჯერობით დასამახსოვრებელი ვერაფერი გააკეთა.
რა თქმა უნდა, გიორგის ყველაფერი ჯერ წინ აქვს და დიდია მოლოდინი, რომ ფრანგული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი აიაქსშიც გაიბრწყინებს. უბრალოდ, საყურადღებო ის არის, რომ ტვენტესთან წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ ნიდერლანდურ მედიაში გამოჩნდა სტატიები, რომლებშიც აიაქსის შემადგენლობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, კლუბის სპორტულ დირექტორს, სვენ მისლინტატსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს შორის არცთუ შეხმატკბილებულ თანამშრომლობაზეა საუბარი.

"ნიდერლანდელებმა 16 მილიონი ევრო დახარჯეს, რათა ლოთარინგიელები ქართველი თავდამსხმელის დათობაზე დაეყოლიებინათ. ამ დროისთვის მისი საბაზრო ფასი 10 მილიონს შეადგენს, თუმცა გიორგი მიქაუტაძემ აიაქსის მაისურით ჩატარებულ 2 მატჩში გოლი ვერ გაიტანა. ამსტერდამელები ჩემპიონატის ცხრილის ლიდერს უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან.
იოჰან კროშეს (ჟურნალისტი) ინფორმაციით, ლიონის მკვიდრის დამატება მხოლოდ ამსტერდამის აიაქსის სპორტულ დირექტორს სურდა. ამასთან, კლუბის სტაფი ტრანსფერით დაინტერესებული არ იყო. რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელი სცენარია პროგნოზების გასაკეთებლად. უცნობია, ჯდება თუ არა ის თავისი ახალი მწვრთნელის გეგმებში, თუ მოუწევს მუხლჩაუხრელად მუშაობა მაქსიმალურად ბევრი სათამაშო წუთის მისაღებად. ძნელად წარმოსადგენი ის არის, რომ ამხელა ფასად ნაყიდი ქართველი გამუდმებით სათადარიგოთა სკამზე იჯდეს. ვნახოთ, გაგრძელება იქნება.

ხუთშაბათს გიორგი მიქაუტაძე და მისი ახალი თანაგუნდელები ევროპალიგის ჯგუფური ეგტაპის პირველ ტურში მარსელის ოლიმპიკს უმასპინძლებენ. ეს არის გუნდი, რომელსაც 1.76 მეტრი სიმაღლის ფეხბურთელი ამ სეზონში უკვე შეხვდა, მეცში თამაშის დროს და გოლიც გაუტანა. გაიმეორებს იმავეს ახლა? ფანებს ამის იმედი აქვთ.
მარსელის შემდეგ, აიაქსი საკუთარ მოედაზე ფეიენოორდს უმასპინძლებს. გუნდს შეცდომების დაშვების უფლება აღარ აქვს, წინააღდეგ შემთხვევაში, თავისი გულშემატკივრების რისხვას დაიმსახურებს", - წერს Footnews.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ სეზონი ფრანგულ მეცში დაიწყო და ლიგა 1-ის 3 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, რის შემდეგაც აიაქსში გადავიდა. სტუმრად სიტარდთან (0:0) თავიდან ბოლომდე ითამაშა, ტვენტესთან კი უკვე შეცვლაზე გამოჩნდა (64-ე წუთზე). აიაქსს ერედივიზიონში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა აქვს და მისთვის უჩვეულო მე-12 ადგილზეა.
კომენტარები