Thumbnail

პორტუგალიის სარაგბო ნაკრები მსოფლიო თასზე საქართველოსთან მატჩისთვის ემზადება და მეტოქის ბანაკში მოულოდნელად იმედიანი განწყობაა. ეს დღეებია, "ლობუშის" წარმომადგენლები აქტიურად იმეორებენ, რომ "ბორჯღალოსნებთან" თამაშში მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებთ და რაც მთავარია, ამის სჯერათ კიდეც. ამჯერად, ამ თემაზე განცხადება პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჟოაო მირამ გააკეთა:

"შეიძლება, გაგიკვირდეთ, თუმცა, საკმაოდ პოზიტიური პროგნოზის გაკეთება შემიძლია. ალბათ, მართალი არ ვიქნებოდი, თუ ვიტყოდი, რომ საქართველოსთან მატჩში მოგების გარდა, სხვა რამეზე ვფიქრობთ. დიახ, კონკურენციაში ჩავებმებით და უნდა გავიმარჯვოთ. ბოლოს, როდესაც ქართველებს ვეთამაშეთ, დაახლოებით 20 ქულით წავაგეთ. ამჯერად, ის დროა, მინდორი გამარჯვებულებმა ჩვენ დავტოვოთ".

საინტერესოა, რომ მატჩი, რომელზეც მირა საუბრობს, წლეულს 19 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის ეგიდით გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა 38:11 ანუ 27 ქულით მოიგო, ამდენად, ცოტა უცნაურია, რომ პორტუგალიელთა თავკაცმა ის "დაახლოებით 20-ქულიან წაგებად" მონათლა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიასა და საქართველოს მსოფლიო თასზე თითო მატჩი აქვთ ჩატარებული. "ლობუშმა" უელსთან 8:28 წააგო, "ბორჯღალოსნები" კი ავსტრალიას ვერ გაუმკლავდნენ – 15:35. ქართულ-პორტუგალიური დაპირისპირება 23 სექტემბერს ტულუზში არის დაგეგმილი და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის, C ჯგუფს 10 ქულით უელსი ლიდერობს, ფიჯისა და ავსტრალიას 6-6 ქულა აქვთ, შემდეგ კი, უქულოდ საქართველო და პორტუგალია მოდიან. მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები