- გასულ ტურში ქართველმა ფეხბურთელმა ინგლისში პირველი ასისტი შეასრულა
- ბრიტანული გამოცემა გიორგის პოტენციალზე წერს და ამ ტრანსფერს აფასებს
გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში უოტფორდის შემადგენლობაში 6 შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ბოლოს ბირმინგემს შეხვდა, რომელსაც სახლში 2:0 მოუგო, გიორგიმ კი ინგლისურ კარიერაში პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა და ასისტი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ჩაკვეტაძე უოტფორდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარის წესით გაიფორმა.
ბრიტანულმა გამოცემამ, Football League World-მა უოტფორდის ზაფხულის გაფორმებები შეაფასა და მათ პოტენციალზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, ავტორი გიორგი ჩაკვეტაძეზეც წერს.
"რამდენიმე წლის წინ ქართველი ფეხბურთელი კარგად იყო შეფასებული და როგორც იწერებოდა, მას ტოპ-კლუბები აკვირდებოდნენ. შესაბამისად, უოტფორდის მხრიდან ზაფხულში მისი გაფორმება მოულოდნელი იყო, მაგრამ ეს ფაქტი ხაზს უსვამს იმ რთულ წლებს, რომლებიც მან ტრავმებთან ერთად გადაიტანა.

ჩაკვეტაძეს Vicarage Road-ზე გადასვლამდე ჯვარედინი მყესების ტრავმა აწუხებდა, რაც უოტფორდის ამ გადაწყვეტილებას სარისკოს ხდის. ცხადია, რომ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით კლუბმა თავი იმ შემთხვევისთვის დაიზღვია, თუ ეს ტრანსფერი წარმატებული არ აღმოჩნდება. თუ ფეხბურთელი ფორმას შეინარჩუნებს და ჯანმრთელი იქნება, არსებობს იმის შანსიც, რომ ეს ჭკვიანური გაფორმება აღმოჩნდეს. 24 წლის ასაკში მას ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს იმ პოტენციალის გამოსაყენებლად, რომელიც მას ადრე ჰქონდა", - წერს ბრიტანული გამოცემა.
შემდეგ მატჩს უოტფორდი დღეს 22:45-ზე ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ გამართავს. ჩაკვეტაძის გუნდი ჩემპიონშიფში 8 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.
კომენტარები