- მარსელინო გასია ტორალი ოლიმპიკის ქომაგების სამიზნე გახდა
- ის ფრანგულ კლუბში მხოლოდ 3 თვის წინ დაინიშნა
მარსელის ოლიმპიკი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მარსელინო გასია ტორალი (ხიხონის, რასინგის, ლევანტესა და ელჩეს ყოფილი დამრიგებელი) და მისი თანაშემწეები პოსტებიდან დათხოვნილნი არიან.
არადა, 58 წლის ესპანელი სპეციალისტი ოლიმპიკის დამრიგებლად მხოლოდ სამიოდ თვის წინ (კონკრეტულად, 23 ივნისს) დაინიშნა და კლუბს 7 მატჩის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
"მარსელი თვლის, რომ 18 სექტემბერს მომხდარი მოვლენების შემდეგ, მარსელინოსა და მის ასისტენტებს ნორმალურ გარემოში მუშაობის გაგრძელება გაუჭირდებოდათ. შექმნილი სიტუაციის გამო, იძულებულნი ვიყავით, ეს გადაწყვეტილება მიგვეღო. კლუბი ძალიან იმედგაცრუებულია მომხდარის გამო", - დაიწერა ოლიმპიკის ვებ-გვერდზე.
და რა იგულისმხმება "18 სექტემბერს მომხდარ მოვლენებში"? საქმე ის გახლავთ, რომ ამ დღეს მარსელის ხელმძღვანელობას ფან-კლუბების წარმომადგენლები შეხვდნენ და პრეზიდენტ პაბლო ლონგორიას ულტიმატუმი წაუყენეს. ისინი მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილოები იყვნენ და ლონგორიას მიმართ მუქარაც კი დაუშვეს.
ოლიმპიკის ქომაგების ამგვარი რეაქცია ცოტა მოულოდნელი სჩანს იმ შედეგების ფონზე, რომელიც კლუბს მიმდინარე სეზონში აქვს. მარსელი ლიგა 1-ის 5 ტურის თავზე დაუმარცხებელია (2 მოგება, 3 ფრე) და ლიდერ მონაკოს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. სხვა საქმეა, რომ ოლიმპიკი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა და ევროპალიგაზე ითამაშებს, სადაც სასტარტო მატჩს 21 სექტემბერს გიორგი მიქაუტაძის აიაქსის წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარები