- რეალი 1:0 უნიონი | გალათასარაი 2:2 კოპენჰაგენი
- მადრიდის რეალმა კომენსირებულ დროში გატანილი გოლით მოიგო
- კოპენჰაგენმა სტამბოლში ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენმა მადრიდის რეალმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ტურნირის დებიუტანტ უნიონ ბერლინს უმასპინძლა და დიდი წვალების შემდეგ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ჯუდ ბელინგემის მიერ გატანილი გოლით მოიგო.
კარლო ანჩელოტის გუნდის ნახევარდაცვაში პირველი წუთებიდანვე გამოჩნდნენ მოდრიჩი და ვასკესი, დაცვის ხაზში კი მწვრთნელმა გარსიას ნაჩო ამჯობინა. ბერლინელთა სასტარტო შემადგენლობაში აღსანიშნავი ლეონარდო ბონუჩის გამოჩენა იყო. გამოცდილი იტალიელი მცველის დებიუტი გერმანულ გუნდში სწორედ მადრიდში შედგა.

თამაში მასპინძელთა უპირატესობით, მაგრამ საკმაოდ დაბალ ტემპში წარიმართა. ბერლინელები დიდი ძალებით იცავდნენ თავს და მეტოქის ნახევარზე გადასვლას იშვიათად ბედავდნენ. ამის მიუხედავად, რეალის შეტევებს აკლდა სიმწვავე, უნიონის კარს კი ერთადერთი ხოსელუ თუ ემუქრებოდა, რომელიც მეორე სართულზე ბრძოლას უგებდა მეტოქე მცველებს. მხოლოდ ერთი დარტყმა კარში და უგოლო ფრე - საბოლოოდ ასე გამოიყურებოდა პირველი ტაიმის სტატისტიკა.
შესვენების შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუ" როდრიგომ გამოაცოცხლა, მაგრამ ბრაზილიელს მიზნის მიღწევაში ჯერ რონოვმა შეუშალა ხელი, შემდეგ - ძელმა. მოგვიანებით ზუსტად იგივე მოხდა ხოსელუს მორიგი იერიშების დროსაც - უნიონი გაშვებულ გოლს მეკარემ და ძელმა გადაარჩინეს.
მეორე ტაიმში რეალი დომინირებდა, მომენტებსაც მრავლად ქმნიდა, მაგრამ გოლს ვერაფრით იტანდა. სტუმართა დანიელმა მეკარემ მორიგი სეივი მოდრიჩის დარტყმის შემდეგ მიითვალა, მერე ისევ ხოსელუს არ გაუმართლა - მისი ეფექტური დარტყმის შემდეგ ბურთმა მცირე მანძილით ჩაუარა კარს.

მადრიდელებმა 3 ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით მოიპოვეს. უნიონ ბერლინის დამწუხრება ისევ ჯუდ ბელინგემმა შეძლო, რომელმაც კუთხურის მოწოდების, ვალვერდეს დარტყმისა და რამდენიმე რიკოშეტის შემდეგ, ბურთი კარში გადაგზავნა.
კარლო ანჩელოტის გუნდი C ჯგუფის მეორე თამაშს 3 ოქტომბერს, ნეაპოლში, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის წინააღმდეგ ჩაატარებს, ურს ფიშერის შეგირდები კი ამავე დღეს ბრაგას უმასპინძლებს.
რეალი 1:0 უნიონი
გოლი: 1:0 ბელინგემი (90+4)
რეალი (4-3-1-2): არისაბალაგა - ვასკესი, რუდიგერი, ნაჩო (73 გარსია), ალაბა - მოდრიჩი (80 დიასი), ჩუამენი (66 ვალვერდე), კამავინგა (66 კროოსი) - ბელინგემი - როდრიგო, ხოსელუ.
უნიონი (3-5-2): რონოვი - დუხი, ბონუჩი (80 იეკელი), დიოგუ ლეიტე - იურანოვიჩი, ტუსარი, კრალი, ლაიდუნი (66 არონსონი), გოზენსი - ბეკერი (80 ფოფანა), ბერენსი (66 ფოლანდი).
A ჯგუფში დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენს სტუმრად სტამბოლში გალათასარაისთან სენსაციამდე ცოტა დააკლდა. ქართველი მცველის გარეშე მოთამაშე დანიის ჩემპიონი ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ თურქულ გუნდს გათანაბრების საშუალება ბოლო წუთებზე მისცა და საბოლოოდ მხოლოდ ქულას დასჯერდა. გალათასარაის მეორე ტურის მატჩის ჩატარება 3 ოქტომბერს, სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედთან მოუწევს, კოპენჰაგენი კი მიუნხენის ბაიერნს მიიღებს.
გალათასარაი 2:2 კოპენჰაგენი
გოლები: 0:1 ელიუნუსი (35), 0:2 გონსალვეში (58), 1:2 ბოე (86), 2:2 ტეტე (88)
გაძევება: იელერტი (კოპენჰაგენი, 73)
კომენტარები