- დილა 1:3 დინამო ბათუმი
- ანდრეი დემჩენკომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვა
დღეს, 21 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 21-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში გორის დილამ საკუთარ მოედანზე დინამო ბათუმს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ანრეი დემჩენკომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველად გაიყვანა ფეხბურთელები და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.
შეხვედრაში ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა - ვლადიმერ მამუჩაშვილის პასის შემდეგ გიორგი წიტაიშვილმა ბურთი კარგად წაიღო და ევგენი კუჩერენკოს აუღებლად დაურტყა. მე-14 წუთზე სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს - ღუდუშაურის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ზუსტად ლევან ხარაბაძემ დაარტყა, დილას უკრაინელმა მეკარემ ახლო კუთხე ვერ დაფარა და - 0:2. პირველ ტაიმში გორელებს გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლოთ, ნიკა გაგნიძის დარტყმა ხარიხასაც მოხვდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და შესვენებაზე დინამო ბათუმი ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა დილამ მოიპოვა, თუმცა გოლი ბათუმელებმა გაიტანეს. კონტრშეტევაზე პაატა ღუდუშაური გაიქცა და დინამოს რიგებში მესამე ბურთი შეაგდო. გორულ გუნდს სხვაობის შემცირება 67-ე წუთზე შეეძლო, როცა მიშიკო სარდალიშვილის წაქცევის გამო თამაშის მთავარმა მსაჯმა სტუმრების კარში პენალტი დანიშნა, თუმცა მიკოლა კოვტალიუკის დარტყმა როინ კვასხვაძემ აიღო. 71-ე წუთზე დინამო ბათუმი მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა - მეორე ყვითელი ბარათი ვიტინიომ მიიღო. მე-80 წუთზე დილამ გაიტანა - სარდალიშვილმა ახლო მანძილიდან გაიტანა. გორელებს გოლების გატანა კიდევ შეეძლოთ, თუმცა მეტი ვერ მოახერხეს და საბოლოოდ, დინამო ბათუმმა 3:1 მოიგო.
ანდრე დემჩენკოს გორში დაბრუნება წარმატებული გამოდგა და დინამო ბათუმი სახლში სამი ქულით დაბრუნდა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 55 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ დინამო თბილისს 7 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში ერთმანეთს ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება, მატჩი ბათუმში, 24 სექტემბერს გაიმართება.
გორის დილამ ბოლო 4 შეხვედრიდან მესამე თამაში წააგო და 41 ქულა დარჩა. გორელები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე დარჩნენ და მომდევნო ტურში წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლებენ. შეხვედრა ისევ გორში, 24 სექტემბერს შედგება.
დილა 1:3 დინამო ბათუმი
გოლები: 0:1 წიტაიშვილი (2), 0:2 ხარაბაძე (14), 0:3 ღუდუშაური (58), 1:3 სარდალიშვილი (80)
გაძევება: ვიტინიო (71)
კომენტარები