Thumbnail

ლინცი, სენტ-ჟილუაზი, ტულუზა? იურგენ კლოპი: კი, ეს გამოწვევაა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლივერპული ევროპალიგაში ასპარეზობას იწყებს
  • იურგენ კლოპი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს ითხოვს

წინა სეზონი ლივერპულს წარუმატებელი ჰქონდა, რის გამოც ახლა ევროსარბიელის პატარა სცენაზე უნდა გამოვიდეს: მერსისაიდელები ხუთშაბათს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპს იწყებენ. თუმცა ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ამისგან ტრაგედიას არ ქმნის - პირიქით: შანსს ხედავს.

გერმანელის გუნდმა ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო: 5 თამაშში მოპოვებული 13 ქულით ლიდერებშია და მანჩესტერ სიტის ოდნავ ჩამორჩება. “ჩვენ ახლა ლივერპულ 2.0-ს ვაშენებთ და გვინდა, რომ ყველა ფრონტზე მაგრად შევუტიოთ,” - ამბობს კლოპი.

მოკლედ: ნაცვლად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის გამარჯვებული რეალს, ბარსელონას, მილანურ გრანდებს, ნაპოლის ან ბაიერნს ეთამაშებოდეს, ევროპალიგის ჯგუფში ისეთ კლუბებთან ექნება საქმე, როგორებიცაა ლინცი, იუნიონ სენტ-ჟილუაზი და ტულუზა. 2015/2016 წლების სეზონის შემდეგ ლივერპული პირველად თამაშობს ევროპალიგაში. მაშინ, კლოპისთვის პირველ ლივერპულურ სეზონში მერსისაიდელები ფინალამდე გავიდნენ, სადაც სევილიასთან 1:3 დამარცხდნენ.

'ჩვენ პატივს ვცემთ ამ ტურნირს და ჩვენს მეტოქეებს ისე, როგორც საჭიროა.' - იურგენ კლოპი

მიზანი ახლაც ფინალში გასვლა და მისი მოგებაა. ლინცთან პირველი მატჩის წინ კლოპმა განაცხადა, რომ ევროპალიგაში არავისთვის არაფრის დათმობას არ აპირებს და არც ექსპერიმენტებს და დიდ როტაციებს გეგმავს.

“ჩვენ პატივს ვცემთ ამ ტურნირს და ჩვენს მეტოქეებს ისე, როგორც საჭიროა. დიდი სიამოვნებით გავიდოდი კიდევ ერთხელ ევროპალიგის ფინალში. თუკი ტრავმებით გამოწვეული კრიზისი არ გვექნება, წესით საკმარისად გვყავს უმაღლესი დონის ფეხბურთელები იმისათვის, რომ ხუთშაბათობით და კვირაობით ტოპ-გუნდი გავიყვანოთ მოედანზე.” - აღნიშნა კლოპმა.

გერმანულ RTL-თან ინტერვიუში იურგენმა ისიც თქვა, რომ “მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ევროპალიგაც შეუყვარდეს.” კლოპი: “ძალიან, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირზე მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ის გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაში არავის მოუნდება.”

ევროპალიგის პირველი მატჩის წინ ლივერპულელები კარგ ხასიათზე არიან

ლივერპულის თავკაცის თქმით, მართალია, ლინცის სახელი ისე არ ჟღერს, როგორც რეალ მადრიდის ან ბაიერნ მიუნხენის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი გუნდი საქმეს სერიოზულად არ მიუდგება: “დიახ, ეს ტურნირი და ეს ჯგუფიც გამოწვევაა. ლინცის წინააღმდეგ ჩემს გუნდს არასდროს უთამაშია, ისევე, როგორც სენტ-ჟილუაზისა და ტულუზას წინააღმდეგ. ეს მართალია. მაგრამ სამივე მშვენიერი გუნდია. მათ ამ ტურნირზე, ჩვენს წინააღმდეგ თამაშის უფლება მოიპოვეს და მეც უბრალოდ ძალიან მინდა, რომ მაგრად ვითამაშოთ.”

კლოპს არ აინტერესებს ის ფაქტი, რომ ლივერპული ევროპალიგის ტოპ-ფავორიტად მიიჩნევა: “მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირს თავი სრულად მივუძღვნათ და ამას გავაკეთებთ კიდეც. და თუ ამას პირველივე თამაშში არ გავაკეთებთ, მაშინ მისაღებს მივიღებთ,” - დასძინა კლოპმა.

კომენტარები

ბოლო ამბები