- ბრაგა 1:2 ნაპოლი
- რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად 66-ე წუთამდე ათამაშა
- ქართველ ფეხბურთელს შეცვლის შემდეგ უკმაყოფილება აშკარად ეტყობოდა
- ბელინგემმა რეალს ბოლოს მაინც მოაგებინა, კოპენჰაგენმა სტაბოლიდან ქულა წაიღო
ამ მომენტს უფრო დიდი მითქმა-მოთქმა მოყვება, ვიდრე ნაპოლის წინა მატჩისას.
ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია ახლა კიდევ უფრო ადრე, 66-ე წუთზე შეცვალა და ქართველს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომისას აშკარად ეტყობოდა უკმაყოფილება. ნაპოლი იმ მომენტში 1:0-ს იგებდა და შედეგიდან გამომდინარე, ხვიჩას უკმაყოფილების საფუძველი არ ჰქონია. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.

"მუნისიპალ დი ბრაგაზე" თამაში ორივე გუნდმა ლაღად და სანახაობრივად დაიწყო. პირველივე წუთებიდანვე მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, თუმცა მალევე სტუმართა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა. განსაკუთრებით აქტიური კვარა-ოსიმენის წყვილი იყო. ნიგერიელს პირველ ნახევარ საათში ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლობლობა ოთხჯერ ჰქონდა და აქედან სამჯერ ქართველი თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ, მაგრამ ვერაფრით გაიტანა - ხან მასპინძელთა მეკარე ლიმა მატეუსი თამაშობდა თავგანწირვით, ხანაც ბრაგას კარს ხარიხა შველოდა.
ნაპოლიმ გოლი ტაიმის მიწურულს, კუთხურის გათამაშების შემდეგ მაინც შეაგდო. კვარა-ოსიმენის კომბინაცია ნეაპოლელთა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ დაასრულა, რომელსაც დარტყმა იდეალური გამოუვიდა, გაზონიდან ასხლეტილი ბურთი ხარიხას მოხვდა და პორტუგალიელთა კარში ჩაეშვა - 0:1.

შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და ეპიზოდებში ნაპოლის დაცვის ხაზის პრობლემები გამოჩნდა. ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მდგომარეობის გამოსწორება ცვლილებებით გადაწყვიტა და 66-ე წუთზე პოლიტანოსთან ერთად კვარაცხელიაც გაიყვანა.
22 წლის ქართველ შემტევს მოედნის დატოვების დროს უკმაყოფილება სახეზე აშკარად ეტყობოდა. მართალია, მან გარსიას ხელი ჩამოართვა, მაგრამ სკამზე დაჯდომის შემდეგ უკმაყოფილება ვერ დამალა, რასაც ამ მომენტის ნახვის შემდეგ თქვენც შეამჩნევთ. საინტერესოა, რომ წინა მატჩში გარსიამ ხვიჩა მოედნიდან 89-ე წუთზე გაიყვანა, ახლა კი გაცილებით ადრე, 66-ე წუთზე მოხსნა თამაშიდან.
თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ნაპოლი და მისი მწვრთნელი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როდესაც ბრუმამ თავით შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ პორტუგალიელებმა ოთხ წუთში, პიოტრ ჟელინსკის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს - 1:2.
ნაპოლიმ 3 ქულა მოიპოვა, თუმცა ბრაგაშიც გამოჩნდა, რომ ამ გუნდში ყველაფერი წესრიგში არ არის. წინ კი იტალიის ჩემპიონებს გაცილებით რთული გამოცდა ელით.

ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრები 3 ოქტომბერს გაიმართება. კვარაცხელიას გუნდი "მარადონაზე" მადრიდის რეალს მიიღებს, ხოლო ბრაგა უნიონთან სათამაშოდ ბერლინში ჩავა.
ბრაგა 1:2 ნაპოლი
გოლები: 0:1 დი ლორენცო (45+1), 1:1 ბრუმა (84), 1:2 ნიაკატე (88 ავტოგოლი)
ბრაგა (4-3-3): მატეუსი - გომესი, ფონტე, ნიაკატე, ბორხა (85 მარინი) - კარვალიო (67 სალასარი), ორტა, მუსრატი - ჯალო (77 ბანზა), რუისი (85 პიცი), ბრუმა.
ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რახმანი (13 ოსტიგორი), ჟეზუსი, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი (90 ნათანი) - პოლიტანო (66 რასპადორი), ოსიმენი (90 სიმეონე), კვარაცხელია (66 ელმასი).
კომენტარები