Thumbnail
  • ბრაგა 1:2 ნაპოლი
  • ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა თამაში შეაფასა და კვარაცხელიაც ახსენა

ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონი პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში მოპოვებული რთული გამარჯვებით დაიწყო. რუდი გარსიას გუნდმა 3 ქულა მატჩის მიწურულს, მასპინძელთა ავტოგოლის წყალობით მოიპოვა - 2:1. 

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია საკმაოდ აქტიური იყო, ნეაპოლელთა ფრანგმა თავკაცმა 22 წლის ქართველი უკვე 66-ე წუთზე შეცვალა. კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ხვიჩა გარსიას გადაწყვეტილებით აშკარად უკმაყოფილო დარჩა…


რუდი გარსიამ ბრაგასთან თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას კვარაცხელიაც ახსენა.

"პირველ ტაიმში კარგად ვახერხებდით მომენტების შექმნას, შეგვეძლო მანამდე გატანაც, მაგრამ იღბალი გვაკლდებოდა - ბურთი ხარიხას გავარტყით, მეკარემაც არაჩვეულებრივი სეივი შეასრულა. მეორე ტაიმში, როდესაც ბრაგამ ანგარიში გაათანაბრა, ხასიათი გამოვავლინეთ, შევუტიეთ და შედეგად, ჟელინსკის ჩაწოდების ეპიზოდში გაგვიმართლა, წინა ეპიზოდებისგან განსხვავებით. კმაყოფილი დავრჩი გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობით. 

ჩემპიონთა ლიგაში გასვლითი თამაშის მოგება ყოველთვის რთულია და ჩვენ ეს შევძელით. ეს იყო ჩვენი მიზანი. ცხრილის სათავეში ვიმყოფებით და მომდევნო თამაშში საკუთარ მოედანზე რეალს მივიღებთ. სრულყოფილებისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. როდესაც ამდენი მომენტი გვექმნება, რამდენიც დღეს გვქონდა, უფრო მეტ გოლს უნდა ვიტანდეთ. 

კვარამ შეტევაში კარგად ითამაშა, პირველი გოლში მონაწილეობაც მიიღო, მაგრამ მნიშვნელოვანია დაცვითი ფაზაც. სეზონისთვის მზადების დროს მან ტრავმა მიიღო, პირველი მატჩი გამოტოვა, მეორეში კი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და აკლია ტემპი. მას სათამაშო დრო სჭირდება, რათა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინოს", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა. 

ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრები 3 ოქტომბერს გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი "მარადონაზე" მადრიდის რეალს მიიღებს, ხოლო ბრაგა უნიონთან სათამაშოდ ბერლინში ჩავა.

კომენტარები

ბოლო ამბები