- ლიონელ მესის გუნდმა ტორონტო 4:0 დაამარცხა
- არგენტინელი და ჟორდი ალბა პირველ ტაიმში შეცვალეს
- მარტინოს იმედი აქვს, რომ მათი ტრავმები მსუბუქია
ინტერ მაიამიმ MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში აუტსაიდერი ტორონტო 4:0 დაამარცხა და პლეი ოფში გასვლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ დევიდ ბექჰემის კლუბში ლიონელ მესის გამო ნერვიულობენ.
მართალია, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, მაგრამ მოედანი ნაადრევად, 38-ე წუთზე დატოვა. პირველივე ტაიმში გახდა შესაცვლელი ესპანელი ჟორდი ალბაც.
კვირას, ორლანდო სიტისთან ფლორიდულ დერბიში მესი და ალბა დიდი ალბათობით ვერ ითამაშებენ - ეს თვითონ მაიამელთა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ თქვა. კითხვის ნიშნის ქვეშაა US-Open-Cup-ის ფინალშიც, რომელიც 28 სექტემბერს გაიმართება. “მათ მდგომარეობას ყოველდღე უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, რას იტყვიან ექიმები. გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ,” - აღნიშნა მარტინომ.
მესის და ალბას ატლანტასთან წაგებულ მატჩში (2:5) ტრავმების გამო არ უთამაშიათ და ეს ინტერ მაიამის პირველი მარცხი გახლდათ მას შემდეგ, რაც ბექჰემის კლუბმა მესი გადაიბირა. ტორონტოსთან კი არგენტინელი და ესპანელი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ.
“არ მგონია, რომ რომელიმემ ახალი ტრავმა მიიღო. ვფიქრობ, ისევ ის პრობლემა აქვთ, რაც მანამდეც ჰქონდათ,” - ასე დაიცვა თავისი გადაწყვეტილება მარტინომ, - “მგონი, უბრალოდ გადაღლილები არიან. არ ვფიქრობ, რომ კუნთის ტრავმასთან გვაქვს საქმე.”

ინტერ მაიამის MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში 6 მატჩი დარჩა ჩასატარებელი და მე-13 ადგილზეა. პლეი ოფში გამსვლელ ზონას მესის გუნდი ახლა უკვე მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. თანაც, მე-9 ადგილზე მყოფ დი სი იუნაიტედთან შედარებით ინტერ მაიამის 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მესის დებიუტის შემდეგ მაიამელებმა ატლანტასთან მარცხამდე 12 მატჩიდან 11 მოიგეს, 1 კი ფრედ დაასრულეს. ბექჰემის კლუბმა ამ პერიოდში Leagues Cup მოიგო, რაც ინტერ მაიამის პატარა ისტორიაში პირველი ტიტულია.
კომენტარები