Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა გორგაძე ტრავმით გამოწვეული 6-კვირიანი უქმობის შემდეგ, მინდორს მსოფლიო თასის მატჩში ავსტრალიასთან დაუბრუნდა. 27 წლის მორაგბე, რომელიც შერკინების შემკვრელი გახლავთ, საწვრთნელი შეკრებისას დაშავდა, რის გამოც სამივე გასახურებელი თამაში გამოტოვა, ახლა კი, სრულ მზადყოფნაშია. გორგაძე საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდს მსოფლიო თასის განვლილ და მომავალ მატჩებზე ესაუბრა.

ბექა გორგაძე (საქართველოს ნაკრების მორაგბე): "ავსტრალიასთან პირველ ტაიმში ტაქტიკური და ინდივიდუალური შეცდომები გვქონდა. საბოლოო ჯამში, ბევრი სალელოვე მომენტი შევქმენით და სამწუხაროდ, მათი დაბოლოვება ვერ შევძელით, თორემ ასეთ ანგარიშს არ ვიმსახურებდით. ავსტრალიასთან მატჩმა დაგვანახა, რომ ხაზისა და შერკინების ბალანსით, ტიერ 1-ის გუნდებთანაც ბევრი შესაძლებლობა გვეძლევა და იმედია, ეს შემდეგ თამაშებში ქულებშიც აისახება. ვფიქრობ, ასეთ მეტოქეებთან ხშირი თამაში გამოცდილებას შეგვძენს და ეს ჩვენს მომავალზე პოზიტიურად აისახება.

რაც შეეხება პორტუგალიას, მათ უელსთან საკმაოდ ხარისხიანი რაგბი აჩვენეს. თავდაჯერებულები იყვნენ და საკუთარი 5-მეტრიანიდანაც კი ხელდახელ უტევდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წნეხის გარეშე თამაშობენ. მათ არაფერი აქვთ დასაკარგი და ვფიქრობ, ჩვენთანაც ბოლომდე იბრძოლებენ. თუ გავიხსენებთ წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს, პორტუგალია მეორე ტაიმში გავტეხეთ და დიდი სხვაობით (38:11 - რედ.) დავამარცხეთ. ის შეხვედრა მომავალი თამაშის წინ კარგი ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. ვიმედოვნებ, რომ მომავალ მატჩს მაქსიმალური მობილიზებით შევხვდებით და სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ.

ზოგადად, ჩვენი მიზანი ყველა თამაშში ბოლომდე ბრძოლაა და ის არც ამ მსოფლიო თასისთვის შეცვლილა. ამავე განწყობით გავედით ავსტრალიასთან, მაგრამ თავიდანვე ვერ შევძელით ჩართვა და პირველ ტაიმში დიდი სხვაობით ჩამოვრჩით. ახლა მთავარია, რომ პორტუგალიასთან კარგი თამაში ვაჩვენოთ, თავდაჯერებულობა მოვიპოვოთ და მერე გადავერთოთ ფიჯიზე. მიუხედავად იმისა, რომ ფიჯის ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ავსტრალია დაამარცხა, 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მასთან რევანში გვწყურია და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ. თუმცა, სანამ პორტუგალიასთან არ ვითამაშებთ, ფიჯიზე ვერ ვიფიქრებთ და მხოლოდ ფიჯის შემდეგ გადავერთვებით უელსზე".

ბექა გორგაძე და სხვა ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან მატჩის წინ ჰიმნის შესრულებისას

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიასა და საქართველოს მსოფლიო თასზე თითო მატჩი აქვთ ჩატარებული. “ლობუშმა” უელსთან 8:28 წააგო, “ბორჯღალოსნები” კი ავსტრალიას ვერ გაუმკლავდნენ – 15:35. ქართულ-პორტუგალიური დაპირისპირება 23 სექტემბერს ტულუზში არის დაგეგმილი და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის, მსოფლიო თასის C ჯგუფს 10 ქულით უელსი ლიდერობს, ფიჯისა და ავსტრალიას 6-6 ქულა აქვთ, შემდეგ კი, უქულოდ საქართველო და პორტუგალია მოდიან. მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები