- ბრაის მიტჩელმა ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის ბრძოლაზე ისაუბრა
- ამერიკელი მიიჩნევს, რომ ქართველი "ვოლკს" ვერ მოუგებს, თუმცა ეს შეუძლია
UFC-ის ქვემსუბუქი წონის მებრძოლმა ბრაის მიტჩელმა (16-1) The Schmo-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავის ყოფილ მეტოქეზე, ილია თოფურიაზე (14-0) ისაუბრა და ქართველის საჩემპიონო შანსები შეაფასა.
ამერიკელმა სპორტსმენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართველთან საჩხუბრად მზად არ იყო, თუმცა მატჩზე უარი მაინც არ განაცხადა. ბრაისმა ილიას და ალექს ვოლკანოვსკის (26-2) პოტენციურ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.
"თოფურიასთან ბრძოლის ჩასატარებლად მზად არ ვიყავი, მაგრამ ჩხუბს რომ ჩავხსნოდი, ლაჩარი გამოვჩნდებოდი. რაც შეეხება ვოლკანოვსკისა და ილიას ბრძოლას, ჩემი აზრით, ეს მატჩი დივიზიონში ყველაზე მაგარი ჩხუბი იქნება. რასაკვირველია, ქამარზე ბრძოლა მეც მინდა და თუ მომავალ კვირას კარგი ფინიშით მოვიგებ, სატიტულო მატჩთან არც ისე შორის ვიქნები. არ მგონია, რომ თოფურია ალექსს დაამარცხებს, მაგრამ მას ეს ნამდვილად შეუძლია. ილია ძალიან ძლიერად და სწაფად ურტყამს, ისეთი უნივერსალი არ არის, როგორიც ვოლკანოვსკია, მაგრამ მაინც მაგარი ჩხუბი იქნება," - თქვა მიტჩელმა.
"The Thug Nasty" მომავალ კვირას დან იგეს (17-6) დაუპირისპირდება. ილიასთან მარცხის შემდეგ ეს ბრაისის პირველი ბრძოლა იქნება. მიტჩელს მიმდინარე წლის მაისში მოვსარ ევლოევთან (16-0) უნდა ჩაეტარებინა ჩხუბი, თუმცა ინგუშთან ბრძოლა ტრავმის გამო ვერ შეძლო. რაც შეეხება თოფურიას, ილია საჩემპიონო მატჩს ელოდება და უდიდესი ალბათობით, ქართველი ალექს ვოლკანოვსკის 2024 წლის დასაწყისში შეხვდება.
კომენტარები