Thumbnail
  • 'გრეგის ზარმა მე კი არა, მთელი საქართველო ააფორიაქა, ვემბანიამა კი უცხოპლანეტელია'
  • სანდრო მამუკელაშვილი უკვე აშშ-შია და San Antonio Express-News-ს ესაუბრა

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი სულ რამდენიმე დღის დასრულებული იყო, როდესაც ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიოს დაუბრუნდა და ახალი სეზონისთვის მზადება ისე დაიწყო, რომ ფაქტობრივად არც დაუსვენია. ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის მიზანი ნათელია - გრეგ პოპოვიჩის გუნდში რაც შეიძლება მეტი სათამაშო დროის მიღება და NBA-ში ახალ სიმაღლეებზე გასვლა.

"დიახ, აქ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება მსურდა, რადგანაც ბიჭებთან ერთად მეტი დრო გამეტარებინა. მიხარია, რომ ისევ სპორტდარბაზში ვიმყოფები. მინდა, რომ ფეხი მყარად მოვიკიდო და გუნდში საკუთარი ადგილი ვიპოვო", - განუცხადა სანდრომ San Antonio Express-News-ს.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი სპურსში გასული სეზონის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, როდესაც მის სამსახურზე უარი მილუოკი ბაქსმა თქვა. ვისკონსინურ გუნდში სანდროს ძალიან ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა: 65 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 3.2 ქულასა და 2.1 მოხსნას აგროვებდა. აი, სპურსში კი მისი სტატისტიკა საგრძნობლად გაუმჯობესდა: საშუალოდ 10.8 ქულა, 68 მოხსნა და 2.4 პასი.

სანდრო მამუკელაშვილს სან ანტონიოში უმნიშვნელოვანესი სეზონი ელის

"მილუოკიში დამკვიდრება რთული იყო. გუნდში უფროსი ასაკის ბევრი კალათბურთელი იყო, რომლებმაც ჩემზე მზრუნველობა ისე აიღეს, რპგორც უმცროს ძმაზე, თუმცა, მათთან კონკურენცია მაინც ძნელი გახლდათ. სან ანტონიოში ჩემი თაობის ბევრი კალათბურთელია და ისე გამოდის, რომ ყველანი მსგავს სიტუაციაში ვართ. გასულ ზაფხულს პოპოვიჩის ზარი ჩემთვის ნამდვილად მისწრება იყო. ამ ზარმა მგონი მე კი არა, მგონი, მთელი საქართველო ააფორიაქა".

მომავალ სეზონში სპურსი თამაშის ვიქტორ ვემბანიამას გარშემო აწყობას გეგმავს, რომელსაც დრაფტის პირველი ნომერი დაახარჯა და ცხადია, მისგან განსაკუთრებულ სარგებელს ელის. გასაკვირი არაა, რომ ფრანგი ვარსკვლავის შესახებ აღმატებულ ხარისხში საუბრობს ქართველი კალათბურთელიც.

"ვემბანიამას უკეთესი სროლა აქვს, ვიდრე – იანისს. ეს მას დამატებით უპირატესობას აძლევს, რომ ერთნაირად სახიფათო იყოს როგორც ფარქვეშ, ასევე – პერიმეტრზე. ვერ გეტყვით, საბოლოო ჯამში ის რა წარმატებას მიაღწევს, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ პლანეტიდან არ არის".

ქართველი კალათბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალიელი პატი მილსის წინააღმდეგ

მამუკელაშვილს გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ჰკითხეს, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა პირველად ითამაშა და TOP 16-ში გასვლაც მოახერხა. თავად სანდროს ნამდვილად წარმატებული ტურნირი ჰქონდა, რადგანაც საშუალოდ 12.8 ქულასა და 6.2 მოხსნას აგროვებდა და თამაშიდან 44.5%-იანი მაჩვენებლით უტევდა.

"მსოფლიოს პირველობაზე თამაში ნამდვილად დიდი გამოცდილება იყო, წინ კი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი გველის, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა იქნება. გვინდა, მსოფლიოს გრანდების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ წავიდეთ. ჩემი სურვილია, ქართული კალათბურთი უფრო მაღალ დონეზე ავიყვანო და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გავხადო".

სან ანტონიო საწვრთნელ შეკრებას ორიოდ კვირაში დაიწყებს და როგორც San Antonio Express-News წერს, NBA-ს მომავალი სეზონი 24 წლის მამუკელაშვილის განვითარებისთვის, შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს. თავის კარგად წარმოჩენის შემთხვევაში, სანდროს პლანეტის უძლიერეს ლიგაში მრავაწლიანი კარიერა ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები