Thumbnail
  • ჯარედ კანონიერი რომან დოლიძესთან ჩხუბზე დათანხმებას ჯერ არ აპირებს
  • "ქილლა გორილას" ტიტულზე ბრძოლის ჩატარება უნდა და შანსს ელოდება

UFC-ის საშუალო წონის რეიტინგის მე-4 ნომერმა ჯარედ კანონიერმა (17-6) დეივიდ ლინჩისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ აპირებს რომან დოლიძესთან (12-2) ჩხუბს უახლოეს პერიოდში დათანხმდეს. 

მართალია, "ქილლა გორილას" ქართველი მებრძოლის სახელი არ უხსენებია, მაგრამ ცხადი გახლავთ, რომ ჯარედი "კავკასიელზე" საუბრობდა. თავად რომანმა განაცხადა, რომ UFC-მ მასთან ჩხუბი კანონიერს შესთავაზა, თუმცა მისგან პასუხი არ მიგვიღიაო. 

"გასულ კვირაში ორგანიზაციამ ვიღაც შემომთავაზა, მენეჯერმა დამირეკა და შეტყობინება გადმომცა. როგორც წესი, პასუხის გაცემას კვირებს არ ვანდომებ, მაგრამ ახლა განსაკუთრებული გარემოებებია. ისეთ პოზიციაში ვარ, რომ აჩქარება არ მჭირდება და პირველივე შემოთავაზებულ მებრძოლთან ჩხუბს არ დავთანხმდები, პირველივე ძვალს არ ავიღებ, რომელსაც ეზოში ჩამომიგდებენ, მაშინ როცა ვიცი, ხორცის დიდი ნაჭერი ჯერ უპატრონოდ ჰკიდია.


მე დივიზიონის რეიტინგის ტოპ ნაწილში ვარ და ჩემთან ჩხუბს თავს ამიტომ არიდებენ. მხოლოდ ის სპორტსმენები ახსენებენ ჩემს სახელს, ვინც რეიტინგში უფრო დაბლა დგანან და წინსვლა სურთ, თუმცა არც კი იციან, რას ითხოვენ. მათკენ ჯერ არც გავიხედავ, ეს უპატივცემულობად არ ჩათვალოთ. თუ სატიტულო ბრძოლა ხვალ ჩაინიშნება, დიდი ხანი ლოდინს არ ვაპირებ და გადაწყვეტილებას მალე მივიღებ. მაგრამ სანამ ქამარზე ბრძოლა დანიშნული არ არის, ამ შანსზე უარს არ ვიტყვი. ამიტომ ჯერ ველოდები რა მოხდება," - თქვა ამერიკელმა. 

39 წლის კანონიერმა საშუალო წონის ქამარზე 1 წლის წინ იჩხუბა, თუმცა ისრაელ ადესანიასთან (24-3) დამარცხდა. ამის შემდეგ ჯარედმა მარვინ ვეტორისა (19-7) და ამჟამინდელი ჩემპიონს, შონ სტრიკლენდს (28-5) მოუგო. შონთან გამარჯვება თუ საეჭვო იყო, ვეტორი კანონიერმა უპირობოდ დაჩაგრა. რომან დოლიძეს, კი დერეკ ბრანსონთან (23-9) ოქტომბერში უნდა ეჩხუბა, მაგრამ ვეტერანი ამერიკელი UFC-დან წავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები