Thumbnail
  • აზერბაიჯანის დედაქალაქი ტურნირს 22-24 სექტემბერს უმასპინძლებს
  • ტატამიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების 17 წევრი გავა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაგეგმილი გრანდ სლემის (22-24 სექტემბერი) წინ წილისყრა გაიმართა და მეტოქეთა ვინაობა საქართველოს ნაკრების წევრებმაც შეიტყვეს. შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ ტურნირზე ტატამიზე 17 ქართველი ძიუდოისტი (14 კაცი+3 ქალი) გავა.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრები აზერბაიჯანელებს დაუპირისპირდებიან: ლუხუმ ჩხვიმიანი ბალაბაი აღაიევს, ხოლო გიორგი სარდალაშვილი – ნაზირ ტალიბოვს.

66 კგ-ში ლაშა ნადირაძე და ვაჟა მარგველაშვილი 1/16-ფინალში არიან დაშვებულები. პირველი სამხრეთკორეელ მიეონგჯინ კიმსა და თურქ მუჰამედ დემირელს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, ხოლო მარგველაშვილის მეტოქე სერბი სტრანია ბუნჩიჩისა და ტაჯიკი ნურალი ემომალის დაპირისპირებაში ირკვევა.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ასევე მე-2 რაუნდშია დაშვებული და აზერბაიჯანელი ნურლან ოსმანოვისა და გვინეა-ბისაუელი დიოგო სესარის შეხვედრის დასრულებას დაელოდება, ხოლო გიორგი ტერაშვილი საწყის ორთაბრძოლას თურქ ბაირამ კანდემირთან ჩაატარებს.

ვაჟა მარგველაშვილი გრანდ სლემზე მედლების კანდიდატთა შორის იქნება

81 კგ-ში ზაურ დვალაშვილი ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუს ტიმურ არბუზოვს გაეჯიბრება, დიმიტრი გოჩილაიძე კი პირდაპირ მე-2 რაუნდშია, სადაც მისი მოწინააღმდეგე ჩეხი ადამ კოპეცკი იქნება.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასევე რუსი ელდარ ალახვერდიევი ელის თორნიკე ფოლადიშვილს, ხოლო ვლადიმერ ახალკაცი ტურნირში ესპანელ დანიელ ნიეტო ტრინიდადთან პაექრობით ჩაებმება.

100 კგ-ში პირველი განთესვა აქვს ილია სულამანიძეს, რომელსაც კარგი წილისყრა ნამდვილად არ შეხვდა, რადგანაც პირველივე ორთაბრძოლაში გრანდ სლემების მრავალგზის ჩემპიონსა და პრიზიორს, რუს ნიიაზ ბილალოვს (ცხადია, ისიც ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში გამოვა) შეხვდება. იოლი სტარტი არც ერეკლე ბაზიერიშვილს ელის, რადგანაც დაპირისპირება იაპონელ კოსუკე მაშიამასთან მოუწევს.

მძიმე წონაში (+100 კგ.) გელა ზაალიშვილი ყაზახ ადილ ორაზბაიევს შეხვდება, ხოლო გურამ თუშიშვილი პირდაპირ მერვედფინალშია დაშვებული და ამერიკელ ფილიპ ჰორიუჩისა და ტაჯიკ მანსურ რაჰმონს შორის გამარჯვებულს დაელოდება.

შარშან ლუკა მაისურაძემ ბაქოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, წელს კი, ტურნირზე ვერ ვიხილავთ

ქალთა ტურნირში მარი მახარაშვილი (52 კგ.) ბელგიელ ამბერ რიჰეულს გაეჯიბრება, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) – ბრაზილიელ ჯესიკა ლიმას, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) – გერმანელ სამირა ბუიზგარნესა და იაპონელ სარა ასაჰინას შორის გამარჯვებულს.

ბაქოს გრანდ სლემზე რეგისტრაცია 61 ქვეყნის 447-მა ძიუდოისტმა (264 კაცი, 183 ქალი) გაიარა. განრიგის თანახმად, 22 სექტემბერს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 23 სექტემბერს – კაცთა 73 და 81 ქალთა 63 და 70 კგ-ებში, ხოლო 24 სექტემბერს – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი National Gymnastics Arena-ზე თბილისის დროით სამივე დღეს 17:00 საათზე დაიწყება.

შარშან ბაქოს გრანდ სლემზე, რომელიც აზერბაიჯანის ექს-პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის სახელობის გახლავთ, საქართველოს ნაკრები წარმატებით ნამდვილად არ გამოსულა. კვარცხლბეკზე ასვლა მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) მოახერხეს. მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, მასპინძელმა აზერბაიჯანმა კი კაცებში 7-დან 4 წონა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები