Thumbnail
  • ნუგზარ წურწუმიამ დღევანდელი ორთაბრძოლების წაგების გარეშე განვლო
  • კიდევ 3 ქართველი ფალავანი მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 4 წევრი ჩაება, რომელთაგან მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ერთი აგრძელებს.

დღევანდელი ორთაბრძოლები წაგების გარეშე ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.) განვლო, რომელმაც გზიდან 3 მეტოქე ჩამოიცილა და ხვალ ოქროს მედლის მოპოვება ეცდება. 

წურწუმიამ ალჟირელ დრიდის 12:2 სძლია, მოლდოველ დელეანუს - 10:0, ხოლო უზბეკი ორტიკბოევი 7:4 დაამარცხა. ფინალში ქართველი მოჭიდავის მეტოქე მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ელდანიზ აზიზლი იქნება.

🇬🇪👏ნუგზარ წურწუმია (55 კგ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია 👏👍

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Thursday, September 21, 2023


სამწუხაროდ, საღამოს სესიამდე მისვლა ვერ შესძლეს იური ლომაძემ (77 კგ.), გელა ბოლქვაძემა (82 კგ.) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) და ვინაიდან ის მოჭიდავეებიც დამარცხდნენ, რომლებმაც მათ აჯობეს, ჩვენებურებს რეპეშაჟშიც კი ვერ ვიხილავთ.

წურწუმია ასპარეზობას ხვალ გააგრძელებს, როდესაც ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების კიდევ 3 წარმომადგენელი გავა: ფრიდონ აბულაძე (60 კგ.), რამაზ ზოიძე (72 კგ.) და გიორგი მელია (97 კგ.). 

საინტერესოა, რომ მსოფლიოს პირველობას შარშანაც ბელგრადმა უმასპინძლა და ქართველი ბერძენ-რომაელების მონაგარი 2 ვერცხლის მედალი იყო. 2022 წელს ფინალები სწორედ წურწუმიამა (იმავე აზიზლისთან - 0:8) და ლერი აბულაძემ (63 კგ.) წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები