- ევროპალიგისა და კონფერენსლიგის მეორე სესიის მატჩებში ორმა ქართველმა ითამაშა
- კიტეიშვილის დარტყმას გოლი მოჰყვა, ხოლო კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარა
- ლივერპულმა თამაში შეატრიალა, რომამ შერიფს მძიმე ბრძოლაში მოუგო
ევროპალიგისა და კონფერენსლიგის სასტარტო ტურის მეორე სესიის მატჩებში ოთხი ქართველი ფეხბურთელის სამმა გუნდმა ითამაშა.
ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას ბრატისლავის სლოვანმა ფარერების კლაკსვიკს 2:1 მოუგო. კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო კაშია სათადარიგო სკამზე დარჩა. კლაკსვიკი მატჩს იგებდა, დენი პავლოვიჩმა ფარერების კლუბი დააწინაურა, თუმცა 54-ე წუთზე ვლადიმირ ვაისმა ანგარიში გაათანაბრა და ზუსტად 20 წუთში ალეკსანდარ ჩავრიჩმა ტიგრან ბარსეგიანის ბრწყინვალე გადაცემით სლოვანს 3 ქულა გაუნაღდა.
ოთარ კიტეიშვილი გრაცის შტურმი საკუთარ მოედანზე ლისაბონის სპორტინგთან დამარცხდა - 1:2. 58-ე წუთზე კიტეიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, ბოვინგმა ლისაბონელების კარისკენ კიდევ ერთხელ დაარტყა და გრაცელები დააწინაურა. მიუხედავად ამისა, სპორტინგმა მაინც მოიგო. გიოკერესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დიომანდემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ევროპალიგაზე გიორგი მიქაუტაძის დებიუტი არ შედგა. აიაქსი 2:0-ს იგებდა, მაგრამ მარსელმა ტაიმის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა. კენეტ ტეილორმა აიაქსი კიდევ ერთხელ დააწინაურა, თუმცა ობამეიანგმა მეორედაც გაათანაბრა და მარსელმა ამსტერდამში არ წააგო.
მეორე ტურის მატჩებს ქართველი ლეგიონერების გუნდები 3 ოქტომბერს გამართავენ. აიაქსი ათენის აეკ-ს ესტუმრება, სლოვანი ლუბლიანაში ჩავა და ოლიმპიასთან ითამაშებს, ხოლო შტურმი პოლონეთში რაკუვს დაუპირისპირდება.
კომენტარები