- ლიონელ მესიმ მორიგ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა
- მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პსჟ და თქვა, რომ აშშ-ში ბედნიერია
ლიონელ მესიმ ზაფხულში კარიერის ევროპული ეპოქა წარსულს ჩააბარა და აშშ-ის MLS-ში გადავიდა. როცა ამ გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, არგენტინელმა მაშინვე თქვა, რომ ევროპაში არსებული უდიდესი წნეხისგან გათავისუფლება სურდა.
36 წლის ლეო ფლორიდაში უკეთესს დასაწყისს ვერ ინატრებდა. 10 გოლი და 1 ასისტი Leagus Cup-ზე, 2 ასისტი US-Open-Cup-ზე და 1 გოლი და 2 ასისტი MLS-ის 4 თამაშში - ასეთია მისი ბალანსი დღემდე.
“ყოველთვის მოგება მინდა, ყველა ტურნირზე, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ აქ თავს გაცილებით მშვიდად და თავისუფლად ვგრძნობ,” - განაცხადა მესიმ OLGA en Vivo-სთან ინტერვიუში, მაგრამ იქვე დასძინა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთის თამაში ძველებურად აღარ უნდა: “თამაში კვლავ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, უბრალოდ, აქ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცოტა სხვანაირადაა. ესაა მიზეზი, რის გამოც აქ ჩამოსვლა გადავწყვიტეთ და ევროპაში არ დავრჩით. ვვარჯიშობ და ვთამაშობ ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ასაკში ვარ.”
'თამაში კვლავ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, უბრალოდ, აქ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცოტა სხვანაირადაა' - ლეო მესი
ხსენებულ ინტერვიუში მესიმ პირად საკითხებზეც ისაუბრა. მაგალითად, გაამხილა საიდუმლო და თქვა, რომ სამი ვაჟის მამას ახლა ქალიშვილი სურს. ამაზე საინტერესო ის არის, რომ ლეომ პარი სენ-ჟერმენში გატარებულ პერიოდზე კიდევ ერთხელ ისაუბრა კრიტიკულად. მან დანანებით აღნიშნა, რომ “პარკ დე პრენსზე” ხშირად ესმოდა მისი მისამართით სტვენა, კილიან მბაპეს კი პარიზული პუბლიკა ყოველთვის ტაშს უკრავდა და აპლოდისმენტებით ხვდებოდა.
ამასთან, მესიმ ისიც თქვა, რომ ის ერთადერთი არგენტინელი მსოფლიოს ჩემპიონია, რომელიც მუნდიალის შემდეგ კლუბში ისე არ დააფასეს, როგორც ეკადრებოდა. თუმცა ლეომ დასძინა, რომ გარკვეულწილად ესმის ეს ყველაფერი, რადგან არგენტინამ ფინალში საფრანგეთი დაამარცხა. მესის თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მბაპესთანაც პსჟ-ს სხვა ფეხბურთელებთანაც კვლავ კარგი ურთიერთობა აქვს.

“მართალია, პსჟ-ში ყველაფერი კარგად არ მქონდა, მაგრამ მე ხომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. ერთადერთი ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდიდან, რომელმაც კლუბში აღიარება ვერ მიიღო,” - თქვა მესიმ. როგორც იცით, მუნდიალიდან დაბრუნების შემდეგ პსჟ-ს ხელმძღვანელობამ უარი თქვა იმაზე, რომ მესის სტადიონზე მსოფლიო თასი წარედგინა. ბოსები ფიქრობდნენ, რომ ამ ფაქტს პუბლიკისგან ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა. შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ პსჟ-ს ფორმით 75 ოფიციალურ მატჩში 32 გოლი გაიტანა და 35 საგოლე პასი გააკეთა.
MLS-ში ორლანდო სიტისთან მომდევნო მატჩს ლეო ალბათ გამოტოვებს. ის დაშავებულია, თუმცა ინტერ მაიამის მთავარი მწვრთნელი ტატა მარტინო იმედოვნებს, რომ მესის ტრავმა სერიოზული არ არის და ლეო მოედანს მალე დაუბრუნდება.
კომენტარები