Thumbnail
  • ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა შიდოებით წააგო ლუხუმ ჩხვიმიანმა
  • ხვალ აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე 4 ქართველი ძიუდოისტი გამოვა

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანი ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ნორა გიაკოვას (კოსოვო) დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა. ეთერმა ფინალამდე 4 გამარჯვება იზეიმა: ბრაზილიელი ჯესიკა ლიმა, ფრანგი ხლოე დევიქტორი, პორტუგალიელი ტელმა მონტეირო და ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუსი დარია კურბონმამადოვა დაჯაბნა.


60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ლუხუმ ჩხვიმიანს, თუმცა, ფრანგ რომეინ ვალადიე პიკასთან 3 გაფრთხილება მიიღო. მანამდე, ლუხუმმა აზერბაიჯანელი ბალაბაი აღაიევი, იტალიელი ანდრეა კარლინო და თურქი სალიჰ ილდიზი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ალტერნატიური ინდივიდუალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუს გამზატ ზაირბეკოვთან წააგო. ამავე წონაში გიორგი სარდალაშვილმა აზერბაიჯანელ ნაზირ ტალიბოვს აჯობა, რასაც კიდევ ერთ რუს, მომავალ ჩემპიონ რამაზან აბდულაევთან მარცხი მოჰყვა.


66 კგ-ში მოულოდნელად პირველივე შეხვედრაში წაიფორხილა ვაჟა მარგველაშვილმა. მას ტაჯიკმა ნურალი ემომალიმ აჯობა. რაც შეეხება ლაშა ნადირაძეს, მან სამხრეთკორეელი მიეონგჯინ კიმს მოუგო, ესპანელ დავიდ გარსია ტორნეს კი ვეღარ აჯობა. დღესვე ტატამიზე მარი მახარაშვილიც (48 კგ.) გავიდა, თუმცა, პირველივე წრეში წააგო ბელგიელ ამბერ რიჰეულთან.

ხვალ, ბაქოს გრანდ სლემზე კიდევ ოთხ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ასევე მე-2 რაუნდშია დაშვებული და აზერბაიჯანელი ნურლან ოსმანოვისა და გვინეა-ბისაუელი დიოგო სესარის შეხვედრის დასრულებას დაელოდება, ხოლო გიორგი ტერაშვილი საწყის ორთაბრძოლას თურქ ბაირამ კანდემირთან ჩაატარებს.

81 კგ-ში ზაურ დვალაშვილი ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუს ტიმურ არბუზოვს გაეჯიბრება, დიმიტრი გოჩილაიძე კი პირდაპირ მე-2 რაუნდშია, სადაც მისი მოწინააღმდეგე ჩეხი ადამ კოპეცკი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები