- 📅 23 სექტემბერი | ⌚ 16:00 | 🏟 ტულუზი | 🏉 საქართველო V პორტუგალია | 📺 I არხი
- საქართველოს ნაკრების ვეტერანმა მორაგბემ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა
- PREVIEW | საქართველო აშკარა ფავორიტია, პორტუგალია ისტორიულ მოგებას უმიზნებს
ვეტერანმა ბორჯღალოსნმა შალვა მამუკაშვილმა 2023 წლის მსოფლიო თასამდე, შოტლანდიასთან მოსამზადებელ მატჩში მე-100 კეპი მოიხვეჭა და მეექვსე ქართველი ცენტურიონი (დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილის, სანდრო თოდუას, გიორგი ჩხაიძისა და ლაშა მალაღურაძის შემდეგ) გახდა, პორტუგალიასთან მოახლოებული თამაში კი მისთვის 102-ე იქნება.
მამუკაშვილი ეროვნული ნაკრების მაისურით 2011 წლიდან ირჯება, 101 კეპი მოიხვეჭა და 14 ლელო გაიტანა. 32 წლის მორაგბე საფრანგეთში მესამე მსოფლიო თასს თამაშობს. 2015 წელს მან ჯგუფური ეტაპის – ოთხივე, 2019 წელს კი სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. შალვამ საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდთან ავსტრალიასთან სასტარტო მატჩი შეაფასა და პორტუგალიასთან დაპირისპირებაზეც ისაუბრა.
"ავსტრალიასთან პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, ბურთს ვერ ვაკონტროლებდით და მეტოქეს ძალიან ბევრი შანსი მივეცით. როგორც წესი, ტიერ1-ის გუნდები ამდენ შეცდომას არ გპატიობენ. მეორე ტაიმში გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, თამაშში დაბრუნება ვცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. იყო ეპიზოდები, სადაც არ გაგვიმართლა და შანსები ვერ გამოვიყენეთ. მაგრამ ის, რომ ავსტრალიასთან ბევრი მომენტი შევქმენით, ამ შაბათს პორტუგალიასთან და მერე მომდევნო შეხვედრებში, უკეთესი თამაშის იმედს მიტოვებს.
პორტუგალიამ უელსთან საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა. ის ბრძოლისუნარიანი გუნდია, რომელიც ანგარიშის მიუხედავად, მთელი 80 წუთის განმავლობაში არ ჩერდება. ჩვენ პორტუგალიას ყოველ წელს ვეთამაშებით და კარგად ნაცნობი მეტოქეა, თუმცა, როგორც წესი, მსოფლიო თასზე ყველა გუნდი გაორმაგებული შემართებით და მოტივაციით მიდის. უელსთან მატჩმა დაგვანახა, რომ მოდუნება არ შეიძლება და ამ მხრივ გუნდში პრობლემა არ გვაქვს. მართალია, პორტუგალია მსოფლიო თასისთვის განსაკუთრებულად მოემზადა, მაგრამ განსაკუთრებული მომზადება გავიარეთ ჩვენც. ვფიქრობ, პორტუგალიის დამარცხების საკმარისი გამოცდილება გვაქვს და თუ გეგმას მივყვებით, სასურველი შედეგის დაფიქსირებაც არ უნდა გაგვიჭირდეს".

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიასა და საქართველოს მიმდინარე მსოფლიო თასზე თითო მატჩი აქვთ ჩატარებული. "ლობუშმა" უელსთან 8:28 წააგო, "ბორჯღალოსნები" კი ავსტრალიას ვერ გაუმკლავდნენ – 15:35. ქართულ-პორტუგალიური დაპირისპირება 23 სექტემბერს ტულუზში არის დაგეგმილი და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ამ დროისთვის, მსოფლიო თასის C ჯგუფს 10 ქულით უელსი ლიდერობს, ფიჯისა და ავსტრალიას 6-6 ქულა აქვთ, შემდეგ კი, უქულოდ საქართველო და პორტუგალია მოდიან. მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა.
კომენტარები