Thumbnail
  • ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე მეორე დღის წინასწარი შეხვედრები გაიმართა
  • ოთხი ქართველი ძიუდოისტიდან ფინალურ ბლოკში გადასვლა ვერცერთმა შეძლო  

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე მეორე დღის წინასწარი შეხვედრები გაიმართა და ფინალურ ბლოკში გადასვლა საქართველოს ნაკრებიდან ვერავინ შეძლო. აზერბაიჯანის დედაქალაქში ტატამიზე ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე -73 კგ.), დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი (ორივე -81 კგ.) გავიდნენ, თუმცა ადრეულ ეტაპებზეც დამარცხდნენ.

მათგან ყველაზე შორს - რეპეშაჟში გასვლა 31 წლის ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა მოახერხა. შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და აზერბაიჯანელ ნურლან ოსმანოვსა და ყაზახ ჟანსაი სმაგულოვს აჯობა.

ლაშამ 1/4-ფინალი ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში გამოსულ რუს დანილ ლავრენტიევთან დამატებით დროში ვაზარით დათმო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, მაგრამ იქ ესპანელ სალვადორ კასეს როხასთანაც დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა.

20 წლის გიორგი ტერაშვილმა პირველ წრეში თურქ ბაირამ კანდემირს, მეორეში კი ლატვიელ აბულფაზ ნასიროვსს სძლია, მაგრამ შემდეგ ნეიტრალური სტატუსის მქონე რუს მახმადბეკ მახმადბეკოვს ვეღარ აჯობა და გამოსვლა დაასრულა.

24 წლის დიმიტრი გოჩილაიძემ, რომელიც პირდაპირ მეორე წრეში იყო დაშვებული, ჩეხ ადამ კოპეცკს ორი ვაზარით კი აჯობა, მაგრამ მესამე წრეში იაპონელი კენია კოჰარას ბარიერი ვეღარ დაძლია და უმედლოდ დარჩა.   

მესამე წრეში დამარცხდა 21 წლის ზაურ დვალაშვილიც, რომელმაც საწყისი ორი შეხვედრა, შესაბამისად, რუს ტიმურ არბუზოვსა და თურქეთის სახელით მოჭიდავე ვანო რევაზიშვილთან (ვედათ ალბაირაკი) მოიგო, მაგრამე შემდეგ იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთან გაფრთხილებებით წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს გრანდ სლემზე (22-24 სექტემბერი) საქართველო 17 ძიუდოისტით წარსდგა (14 კაცი, 3 ქალი). ტურნირის პირველ დღეს ვიცე-ჩემპიონობა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ.) იზეიმა

ტურნირის დასკვნით დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების 7 ძიუდოისტი იასპარეზებს. ბაქოს ტატიმზე თორნიკე ფოლადიშვილი, ვლადიმერ ახალკაცი (ორივე -90 კგ.), ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი (-100 კგ.), გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) გავლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები