- საქართველო 18:18 პორტუგალია
- დამაჯერებელი პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველომ მეორე ნახევარი ჩააგდო
- ლევან მაისაშვილის გუნდი შეხვედრის ბოლო წამებზე სულაც წაგებას გადაურჩა
- 'ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა' - მაისაშვილი და შარიქაძე პორტუგალიასთან მატჩზე
"ბორჯღალოსნებმა" 2023 წლის მსოფლიო თასის მეორე მატჩში ფავორიტის სტატუსი არათუ ვერ გაამართლეს, პორტუგალიელებს ცოტა იღბალიც რომ დახმარებოდათ, ოცნებას აისრულებდნენ - პირველ, ისტორიულ გამარჯვებას იზეიმებდნენ მსოფლიო თასზე. საქართველოს ნაკრები კარგი პირველი ნახევრისა, მაგრამ ძალიან ცუდი მეორე ტაიმის შემდეგ, წაგებას ბოლო წამებზე გადაურჩა, შეხვედრა კი ფრედ დასრულდა - 18:18.

არადა, ქალაქ ტულუზის Stadium de Toulouse-ზე თამაში ქართველი მორაგბეების თვალსაჩინო უპირატესობით და ლელოთი დაიწყო, რომელიც მე-2 წუთზე აკაკი ტაბუცაძემ დადო, თედო აბჟანდაძემ კი გარდასახა. პორტუგალიელები "ბორჯღალოსნებს" ვერაფერს უპირისპირებდნენ, თამაში ძირითადად მათ ნახევარზე მიმდინარეობდა და პირველი ტაიმის ანგარიში (13:5) ნამდვილად ვერ ასახავდა იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. ამის მთავარი მიზეზი კი დამაგვირგვინებელ ფაზაში ისევ ქართველი მორაგბეების შეცდომები იყო. შესვენებამდე აბჟანდაძემ ორი ჯარიმა გაიტანა, მეტოქემ კი თავისი ერთადერთი შანსი გამოიყენა და ლელო დაგვიდო, თუმცა გარდასახვა ვერ გამოიყენა.

მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა კატასტროფულად ჩაატარა და საბოლოოდ თამაში რომ არ წააგო, გამართლებას უნდა უმადლოდეს. პორტუგალიამ თავიდანვე კარგად ისარგებლა ქართველი მორაგბეების შეცდომებით, მიაჯაჭვა ისინი თავიანთ ჩათვლის მოედანს, ჯერ ორი საჯარიმო გაიტანა, შემდეგ კი ლელოც დადო, რომელიც გარდასახა და ანგარიშში წინ გავიდა (13:18). ლევან მაისაშვილის გუნდი მე-60 წუთისთვის მძიმე მდგომაროებაში აღმოჩნდა და ასე იყო ბოლო წუთებამდე. კულმინაციური მომენტი თამაშის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე დადგა, როდესაც თენგიზ ზამთარაძემ ბურთი პორტუგალიელთა ჩათვლის მოედანში დადო. ამის შემდეგ ჯერ გარდასხვა ლუკა მატკავამ ვერ გამოიყენა, შემდეგ კი საპირისპირო მხარეს ჯარიმიდან გატანა პორტუგალიელმა ვერ შეძლეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ლევან მაისაშვილის გუნდისთვის პორტუგალიასთან ფრეც ფიასკოდ უნდა შეფასდეს, რადგან ამ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებისთვის" მოგების გარდა სხვა შედეგი არცკი განიხილებოდა.

2023 წლის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტობრამდე პერიოდში საფრანგეთში იმართება, საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებები კი C ჯგუფში გამოდიან, სადაც უელსი, ფიჯი და ავსტრალიაც მოხვდნენ. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფს 10 ქულით უელსი ლიდერობს, ფიჯისა და ავსტრალიას 6-6 ქულა აქვთ, ხოლო საქართველოს და პორტუგალიას - 2-2. ტურნირის მეოთხედფინალში ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები გავა.
ლევან მაისაშვილის გუნდს მომდევნო დაპირისპირების ჩატარება 30 სექტემბერს, ფიჯისთან მოუწევს, იქამდე კი, 24 სექტემბერს, ჩვენს ჯგუფში უელსი და ავსტრალია ითამაშებენ.
მატჩის სტენოგრამა
🏉 მე-2 წთ: ქართველმა მორაგბეებმა ბურთ მარჯვენა ფლანგისკენ ჩაათამაშეს, დავით ნინიაშვილის ოფლოუდის შემდეგ ლელო აკაკი ტაბუცაძემ დადო. გარდასახვა თედო აბჟანდაძემ შეასრულა - 7:0.
🏉 მე-7 წთ: მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, პორტუგალიელებმა ბურთი ჩახურეს, რის შემდეგაც გუნდებმა ჩხუბი დაიწყეს.
🏉 მე-16 წთ: თედო აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა და საქართველო 10 ქულით გაიჭრა წინ - 10:0.
🏉 მე-17 წთ: გელა აფრასიძის ლელო წინ თამაშს გამო გაუქმდა, თუმცა მანამდე ჯალაღონიამ 100%-იანი სალელოვე პასი არ გააკეთა.
🏉32-ე წთ: თედო აბჟანდაძემ მეორე ჯარიმაც გაიტანა და საქართველო პორტუგალიასთან 13 ქულით დაწინაურდა.
🏉 34-ე წთ: რაფაელე სტორტიმ ხაზი გაჭრა და საქართველოს ლელო დაუდო, პორტუგალიელებმა გარდასახვა ვერ გაიტანეს.
🏉 37-ე წთ: ფრანსისკო ფერნანდესი შალვა მამუკაშვილს თავით დაეჯახა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.
🏉 მე-40 წთ: საქართველომ პირველი ტაიმი 13:5 მოიგო
🏉 49-ე წთ: სამუელ მარკესმა ჯარიმა გაიტანა და ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდე - 13:8.
🏉 54-ე წთ: სამუელ მარკესმა მეორე ჯარიმა გაიტანა და ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე - 13:11.
🏉 56-ე წთ: რაფაელე სტორტიმ ხაზი კიდევ ერთხელ გაგვიჭრა და შეხვედრაში დუბლი შეასრულა, პორტუგალია მატჩში პირველად დაწინაურდა.
🏉 58-ე წთ: სამუელ მარკესმა გარდასახვა გაიტანა და პორტუგალია 5 ქულით გაიჭრა წინ - 18:13.
🏉 77-ე წთ: ბორჯღალოსნებმა 5-მეტრიან მონაკვეთში აუტი მოიგეს, რის შემდეგაც მოლი დააყენეს და თენგიზ ზამთარაძემ ლელო დადო. ანგარიში გათანაბრდა - 18:18
🏉 79-ე წთ: ლუკა მატკავამ გარდასახვა ვერ გაიტანა და ფრე შენარჩუნდა.
🏉 81-ე წთ: პორტუგალიამ დაგვაჯარიმა, მაგრამ გადამწყვეტი ჯარიმა ვერ გაიტანეს, რის გამოც შეხვედრა ფრედ დასრულდა - 18:18.

საინტერესო ფაქტები
🟠 ეს "ბორჯღალოსნებისთვის" მსოფლიო თასზე ჩატარებული 22-ე მატჩი და პირველი ფრეა.
🟠 საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ისტორიაში 26-ედ დაუპირისპირდა და მეოთხედ მოხდა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბორჯღალოსნებს 18 მოგება და 4 წაგება აქვთ.
🟠 ტულუზში გამართულ შეხვედრაში 102-ე კეპი მოიხვეჭა შალვა მამუკაშვილმა, რომელიც მე-6 ქართველი ცენტურიონი წინა, ავსტრალიასთან გამართულ მატჩში გახდა.
🟠 პორტუგალასთან მატჩში "ბორჯღალოსნებს" 50-ედ უკაპიტნა მერაბ შარიქაძემ, რომელმაც ეროვნულ გუნდში 98-ე მატჩი ჩაატარა და ახლა ორი თამაში რჩება იმისთვის, რათა მე-7 ქართველი ცენტურიონი გახდეს.
🟠 "ბორღჯალოსნების" მაისურით 50-ე კეპი მოიხვეჭეს გელა აფრასიძემ, გიორგი კვესელაძემ და ნოდარ ჭეიშვილმა.
🟠 საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ნევერის მორაგბე ლადო ჩაჩანიძემ მსოფლიო თასზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
🟠 საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მეექვსედ ასპარეზობს და აქამდე 1/4-ფინალში არასდროს გასულა. "ბორჯღალოსნებს" საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე 2015 წელს ჰქონდათ, როდესაც ჯგუფში 2 მატჩის მოგება მოახერხეს (ტონგასა და ნამიბიასთან).
საქართველო 18:18 პორტუგალია
საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. თორნიკე ჯალაღონია, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დემურ თაფლაძე.
პორტუგალია: 15. ნუნუ სოუსა გედეში, 14. რაფაელ სტორტი, 13. პედრო ბეტენკური, 12. ტომას ეპლტონი, 11. როდრიგო მარტა, 10. ჟერონიმო პორტელა, 9. სამუელ მარკესი; 1. ფრანსისკო ფერნანდეში, 2. მაიკ ტაჯერი, 3. დიოგო ჰასე ფერეირა, 4. ჟოზე მადეირა, 5. სტივი სერკუერა, 6. ჟოაო გრანატე, 7. ნიკოლას მარტინში, 8. რაფაელ სიმოეში.
სათადარიგოები: 16. დავიდ კოშტა, 17. ლიონელ კამპერკე, 18. ანტონი ალვეში, 19. მარტიმ ბელო, 20. დავიდ უოლისი, 21. ტიბო დე ფრეიტასი, 22. პედრო ლუკასი, 23. მანუელ კარდოსო პინტუ.
კომენტარები