Thumbnail

ამსტარდამის აიაქსის სპორტულ დირექტორს სვენ მისლინტატს სეზონის წინ განხორციელებული ტრანსფერების გამო აკრიტიკებენ და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კლუბში გამოძიების ჩატარებასაც აპირებენ. 

შეგახსენებთ, რომ სწორედ მისლინტატის ძალისხმევით განხორციელდა ფრანგული მეციდან აიაქსში გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი, რომელშიც ნიდერლანდურმა გრანდმა 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 

ჯერჯერობით, მორის სტეინის გუნდში 22 წლის ქართველი ფორვარდის საქმეები არცთუ კარგად მიდის. გიორგიმ ერედივიზიეს ორ მატჩში ითამაშა - სიტარდთან (0:0) სრულად, ტვენტესთან (1:3) კი ბოლო 27 წუთით, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. აიაქსმა ბოლო მატჩი ევროპალიგაში ჩაატარა, სადაც მარსელთან ფრეს დასჯერდა (3:3). მიქაუტაძემ შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან უყურა.

გიორგის აიაქსის მთავარი მწვრთნელისთვის ბევრი რამ დასამტკიცებელი აქვს

ნიდერლანდური მედია სვენ მისლინტატის საქმიანობასთან დაკავშირებით წერს და გიორგი მიქაუტაძესაც ახსენებს.

"სვენ მისლინტატმა ამ ზაფხულს 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა ახალი მოთამაშეების შესაძენად. De Telegraaf-ის ჟურნალისტმა მარსელ ვან დერ კრაანმა მიაგნო საგანგაშო ფაქტს იმის შესახებ, რომ ამსტერდამურმა კლუბმა არაერთ შემთხვევაში გადაიხადა მოთამაშეში, მის სატრანსფერო ფასზე გაცილებით მეტი. ასე მოხდა იოსიპ სუტალოს, გიორგი მიქაუტაძის, კარლოს ფორბსის, გოსტონ ავილას და ჩუბა აკპომის შემთხვევაში.

"ავიღოთ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი. 2023 წლამდე მისი სატრანსფერო ფასი 2.5-3 მილიონ ევროს შორის მერყეობდა. მისმა კლუბმა, ფრანგულმა მეცმა ზაფხულში მისი ფასი 10 მილიონი ევროთი განსაზღვრა, თუმცა მისლინტატმა აიაქსის სახელით გადაიხადა არა 10, არამედ 16 (!) მილიონი ევრო”, - აქვეყნებს ჟურნალისტის სიტყვებს კლუბის გულშემატკივართა საიტი.

22 წლის ქართველი თავდამსხმელის ახალ კლუბში ყველაფერი წესრიგში აშკარად არ არის

ამსტერდამის აიაქსს ერედივიზიონში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა აქვს და მისთვის უჩვეულო მე-12 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გუნდი 24 სექტემბერს, შინ ფეიენოორდთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები