Thumbnail

'ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა' - მაისაშვილი და შარიქაძე პორტუგალიასთან მატჩზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. 

"ბორჯღალოსნებმა" 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფის მეორე შეხვედრა ფრედ 18:18 დაასრულეს. არადა, პირველ ნახევარში საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ტაიმის ანგარიში - 13:5, სრულად ვერ ასახავდა თამაშის სურათს. მაგრამ შესვენების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და პორტუგალია გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყო.

ლევან მაისაშვილი (ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი):

"პირველ ტაიმში ყველა ასპექტში ვდომინირებდით და ბევრი, სულ ცოტა, 4 შანსი მაინც გვქონდა ლელოს დასადებად ისეთი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში აბსოლუტურად ყველაფერი დავთმეთ და საშუალება მივეცით პორტუგალიას, რომელიც ძალიან კარგად თამაშობდა. მეტოქემ კარგი დინამიკა დაიჭირა, ხოლო სანამ ჩვენ გამოვერკვიეთ, გავუშვით მომენტები. შემდეგ, როდესაც ანგარიშში ჩარმოჩები, შეცდომებსაც უშვებ. მატჩში გადამწყვეტი რაქში თამაში აღმოჩნდა. ამ კომპონენტში მეტისმეტად ბევრი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ კიდეც. გამარჯვებაში ხელი სწორედ ჩვენივე შეცდომებმა შეგვიშალა და არა პუბლიკის წნეხმა".

მერაბ შარიქაძე (ბორჯღალოსნების კაპიტანი):

"უნდა ვიცოდეთ, როგორც ვისარგებლოთ მიღებული შესაძლებლობებიდან, რომლებიც საკმაოდ ბევრი გვქონდა და შეგვეძლო მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე დაგვეწყვიტა. ეს არის სპორტი, ეს არის რაგბი. თუკი შანსს ვერ გამოიყენებ, ამას მოწინააღმდეგე გააკეთებს. ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა გახდეს".

საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებები მსოფლიო თასის C ჯგუფში გუელსთან, ფიჯისა და ავსტრალიასთან ერთად გამოდიან. ამ დროისთვის ჯგუფს 10 ქულით უელსი ლიდერობს, ფიჯისა და ავსტრალიას 6-6 ქულა აქვთ, ხოლო საქართველოს და პორტუგალიას - 2-2. ლევან მაისაშვილის გუნდს მომდევნო დაპირისპირების ჩატარება 30 სექტემბერს, ფიჯისთან მოუწევს, იქამდე კი, 24 სექტემბერს, ჩვენს ჯგუფში უელსი და ავსტრალია ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები