Thumbnail
  • ალმერია 2:2 ვალენსია
  • 22 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და რომ არა მისი სეივები, დიდი ალბათობით, ვალენსია ალმერიიდან ქულასაც ვერ წაიღებდა. და ეს მაშინ, როცა "ღამურები" ანგარიშში ორჯერ იყვნენ წინ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ქულას დასჯერდნენ - 2:2. 

რუბენ ბარახას შეგირდებმა ანგარიში უკვე მე-14 წუთზე გახსნეს. ხავი გერას პასის შემდეგ გოლი დიეგო ლოპესმა შეაგდო. მასპინძლების მცდელობას, აღედგინათ წონასწორობა, პირველ ტაიმში შედეგი არ მოჰყოლია და ამაში წვლილი მამარდაშვილსაც მიუძღოდა, რომელმაც რამდენჯერმე გადაარჩინა კარი. 

ალმერიამ მიზანს შესვენების შემდეგ მიაღწია. გიორგიმ გონსალო მილეროს ახლო მანძილიდან დარტყმის შემდეგ ბურთი მარცხენა ფეხით კი მოიგერია, მაგრამ სერხიო არიბასის დამატებულზე უბრალოდ უძლური იყო. 

"ღამურები" მეორედ წინ ბრწყინვალედ მოთამაშე 20 წლის ხავი გერამ გაიყვანა, რომელიც ალმერიასთან მხოლოდ საგოლე პასის ავტორობით არ დაკმაყოფილდა და 64-ე წუთზე გატანილი გოლიც დაუმატა. 
 
69-ე წუთზე ანგარიში მეორედაც გათანაბრდა და მამარდაშვილის კარში გოლი პირველის ანალოგიური გავიდა. ქართველმა მეკარემ პირველი დარტყმის მომენტში ბრწყინვალე სეივი კი სერხიშეასრულა, თუმცა დამატებაზე ყველას ისევ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა არიბასმა დაასწრო - 2:2. 

არიბასის გოლებში მამარდაშვილს ვერავინ დაადანაშაულებს

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, 22 წლის ქართველმა მეკარემ კი შეხვედრა 8 სეივით დაასრულა და თავის გუნდში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა - 8.0 Whoscored-ის თანახმად, რაც მეორე შედეგია ორივე გუნდში დუბლის ავტორი სერხიო არიბასის შემდეგ (8.6).

ვალენსიას ლა ლიგაში ჩატარებულ 6 მატჩში 10 ქულა ქულა აქვს და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს რუბენ ბარახას გუნდი 27 სექტემბერს, "მესტალიაზე", რეალ სოსიედადთან ჩაატარებს. 

ალმერია 2:2 ვალენსია

გოლები: 0:1 ლოპესი (14’), 1:1 არიბასი (59’), 1:2 გერა (64’), 2:2 არიბასი (69’).

კომენტარები

ბოლო ამბები