Thumbnail
  • გურამ თუშიშვილი ბაქოს გრანდ სლემის ფინალში ინალ ტასოევს შეხვდება
  • ილია სულამანიძის მეტოქე მატვეი კანიკოვსკი იქნება

ძიუდოში ბაქოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 7 ქართველი ფალავანი გავიდა, რომელთა შორის გურამ თუშიშვლმა და ილია სულამანიძემ ფინალში გასვლა მოახერხეს. 

კაცებში, -90 კილოში ორმა ქართველმა იჭიდავა და ორივე პირველივე რაუნდში დამარცხდა. თორნიკე ფოლადიშვილმა ელდარ ალახვერდიევთან წააგო, ვლადიმირ ახალკაცმა მატჩი დანიელ ნიეტო ტრინიდადთან დათმო. 

კაცებში, -100 კგ წონით კატეგორიაში ტატამიზე ორ ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ. ილია სულამანიძემ ასპარეზობა მეორე რაუნდიდან დაიწყო და ნიიაზ ბილალოვი დაამარცხა. შემდეგ ტურში ბრიტანელ რის ტომპსონს აჯობა, მეოთხედფინალში, კი ხორვატ ზლატკო კუმრიჩს აჯობა. ნახევარფინალში ქართველის მეტოქე ფრანგი ორელინ დიესი გახლდათ, რომელიც წინა მეტოქეების გზას გაუყენა და ფინალში გავიდა, სადაც მატვეი კანიკოვსკის დაუპირისპირდება. 

სულამანიძის მსგავსად პირველი ეტაპი ერეკლე ბაზიერიშვილმაც გამოტოვა და ჭიდაობა მეორე რაუნდიდან დაიწყო, რომელშიც იაპონელი კოსუკე მაშიიამა დაამარცხა. შემდეგ რაუნდში ერეკლეს გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაური დაუპირისპირდა - ბაზიერიშვილი დამარცხდა. თავად უძილაურმა ზელიმ კოცოიევთან წააგო და ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა. 

კაცებში, +100 კგ წონაშიც ორმა ქართველმა იჭიდავა - გურამ თუშიშვილმა და გელა ზაალიშვილმა. თუშიშვილმა ტაჯიკ მანსურ რახმონს, ტამერლან ბაშაევსა და ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც ინალ ტასოევს დაუპირისპირდება. გელა ზაალიშვილი ნახევარფინალში, სწორედ ტასოევთან დამარცხდა, იქამდე, კი ყაზახ ადილ ორაზბაიევს, გერმანიის სახელით მოასპარეზე ერიკ აბრამოვს და აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს აჯობა. გელას ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მეტოქედ ბაშაევი ეყოლება. 

ქალთა შორის, +78 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა სოფიო სომხიშვილმა, რომელიც პირველივე შეხვედრაში იაპონელ სარა ასანინასთან დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა. 

ქართველ ძიუდოისტებს ბაქოს გრანპრიზე მოპოვებული ჯერ მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალი აქვთ, რომელიც ეთერ ლიპარტელიანმა მოიგო. ბოლო საშეჯიბრო დღის ფინალური ბლოკები 16:00 საათიდან დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები