- ლერი აბულაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
- საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატი 2 მედლით და ლიცენზიის გარეშე დაასრულა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების წევრი ლერი აბულაძე ოქროს მედალს დაეუფლა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
63 კგ წონით კატეგორიის ფინალში აბულაძე აზერბაიჯანელ მურად მამადოვს გაეჯიბრა. ძალიან მძიმე შეხვედრა იყო, რომელიც ქართველმა ფალავანმა ბოლო ქულის უპირატესობით მოიგო (2:2).
ფინალამდე აბულაძემ თურქი ენეს ბასარი (4:3), უკრაინელი ოლეკსანდრ ჰრუშინი (1:1) და ფრანგი სტეფან კლემენი (3:1) დაამარცხა. მან ზედიზედ მესამედ იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში - წინა ორ შემთხვევაში მარცხი განიცადა, მაგრამ ამჯერად ოქრო მოიპოვა.
ამგვარად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა. ორივე მედალი არაოლიმპიურ წონაში მოიპოვეს - ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ვერცხლი და ლერი აბულაძემ (63 კგ) ოქრო.
აღსანიშნავია, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აწ დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ ვერც ერთი ოლიმპიური ლიცენზია ვერ მოიპოვა.
მანამდე, მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი და 2 ოლიმპიური ლიცენზია დაისაკუთრა.
კომენტარები