Thumbnail
  • ბოლონია 0:0 ნაპოლი
  • ხვიჩა კვარაცხელია 76-ე წუთზე შეცვალეს

ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია გრძელდება, რომელიც არც ბოლონიაში, "რენატო დალ არას" სტადიონზე შეწყდა, სადაც ნაპოლიმ მორიგი ქულები დაკარგა 0:0.

იტალიის მოქმედ ჩემპიონს ბევრი პრობლემა რომ აქვს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რადგან გასული სეზონის ნაპოლისგან ახლაც არაფერი გვინახავს - "აძური" ძალიან პრიმიტიულ და ნელ ფეხბურთს თამაშობდა. მართალია, მოგებასთან ბევრად უფრო ახლოს იყო, ვიდრე მისი მეტოქე, მაგრამ ვერაფერი მოახერხა და უგოლო ფრეს დასჯერდა.

ხვიჩას ისევ არ ჰქონია საუკეთესო თამაში, მაგრამ ამჯერად უფრო აქტიური იყო. ყოველ შემთხვევაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანაგუნდელთა შორის გამორჩეული გახლდათ, მეტოქის დაცვას ყველაზე მეტად უქმნიდა პრობლემას. ქართველმა ორჯერ დაარტყა კარშიც, თუმცა, მეკარემ მოიგერია.

კვარა ისევ შეცვალეს

ნაპოლიმ საუკეთესო შანსი სწორედ ხვიჩას აქტიურობით შექმნა, როდესაც კვარა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და ვიქტორ ოსიმენს პასი გაუკეთა, რის შედეგადაც ბურთი ბოლონიელ მცველს ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა. ბურთთან ნიგერიელი ფორვარდი მივიდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა... ეს 72-ე წუთზე იყო. 3 წუთში რუდი გარსიამ კვარაცხელია შეცვალა, მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ.

ნაპოლიმ სერია A-ში ზედიზედ მესამედ ვერ მოიგო და 5 ტურის შემდეგ მხოლოდ 8 ქულა აქვს მოპოვებული, მომდევნო შეხვედრას კი 27 სექტემბერს, შინ უდინეზესთან გამართავს.

ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 5 თამაშია და მან თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები