Thumbnail
  • ვირტუს ბოლონია 97:60 ბრეშა
  • თორნიკემ ორმაგი დუბლი 15 ქულითა და 12 მოხსნით გაიფორმა

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის სუპერთასის ფინალში ბრეშა გაანადგურა 97:60 და ამ ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 22 წუთში ორმაგი დუბლის გაფორმება 15 ქულითა და 12 მოხსნით მოახერხა. მის ანგარიშზე ასევე 4 პასი იყო. თორნიკემ 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მას საუკეთესო +/- მაჩვენებელი ჰქონდა 31. რაც შეეხება პასივს, მან მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და ერთხელაც არ დაჯარიმებულა. აქვე ვიტყვით იმას, რომ შენგელია იტალიის სუპერთასის MVP გახდა.

რაც შეეხება მატჩს, ვირტუს ბოლონიამ, შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყვიტა, როცა მეტოქეს 17 ქულით გაექცა. დიდ შესვენებამდე ბრეშამ სხვაობის 13 ქულამდე დაყვანა მოახერხა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, 37 ქულით დამარცხდა.

ყველაზე შედეგიანი ორივე გუნდის მხრიდან აიზეა კორდინიერი იყო, რომელსაც 17 ქულა ჰქონდა. თორნიკეს მსგავსად 15 ქულა დააგროვა ჯორდან მაიკიმ.

მთავარმა მწვრთნელმა ლუკა ბანკიმ, რომელმაც სკარიოლო შეცვალა და გასულ შეხვედრაში ვირტუს ბოლონიაში დებიუტი ჰქონდა, პირველი ტიტული მოიპოვა. შემდეგ შეხვედრას შენგელიას გუნდი სერია A-ში 1-ელ ოქტომბერს გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები