- დინამო ბათუმი 2:2 დინამო თბილისი
- სატურნირო ცხრილში ბათუმელები თბილისელებს კვლავ 7 ქულით უსწრებენ
ეროვნული ლიგის 26-ე ტურში პირველადგილოსანმა დინამო ბათუმმა მეორეადგილოსან დინამო თბილისს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
ანგარიში მატჩის სტარტზევე, მე-4 წუთზე გაიხსნა. საჯარიმოში ბურთი პაატა ღუდუშაურმა მიიღო, რომელმაც ვლადიმერ მამუჩაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი გიორგი ლორიას ბურთი თავზე გადაუგდო. თბილისელებმა ანგარიშის გათანაბრება 37-ე წუთზე შეძლეს - სადებიუტო შეხვედრაში შორეული გასროლით ულამაზესი გოლი კადეტემ გაიტანა.
მეორე ტაიმის 52-ე წუთზე სტუმრებმა მეტოქის ნახევარზე ბურთი მოიპოვეს, რის შემდეგაც დავით სხირტლაძემ მეკარესთან პირისპირ გიორგი ხარაიშვილი დატოვა, რომელმაც თავისი გუნდი დააწინაურა. 65-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც მამუჩაშვილმა შეასრულა, მაგრამ ლორიამ ჯერ მისი დარტყმული რთული ბურთი მოიგერია, შემდეგ კი ჯოვინოს დამატებაზე დარტყმულიც აიღო. საბოლოო ჯამში, ბათუმელებმა ანგარიში მაინც გაათანაბრეს და ეს პაატა ღუდუშაურმა მოახერხა, რომელმაც თავისი შანსი 73-ე წუთზე გამოიყენა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდი დინამო თბილისს კვლავ 7 ქულით უსწრებს, შემდეგ მატჩს ბათუმელები 28 სექტემბერს ქუთაისის ტორპედოსთან გამართავენ, ანდრეს კარასკოს ფეხბურთელები კი 29 სექტემბერს თბილისურ დერბიში საბურთალოს დაუპირისპირდებიან.
კომენტარები