- რუდი გარსიას კომენტარი ბოლონიასთან მატჩის შემდეგ
- 'მისი შეცვლა აუხსნელია' - რას წერს მედია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე
იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში ნაპოლი სტუმრად ბოლონიას უგოლოდ დაუზავდა (0:0). რუდი გარსიამ მატჩის შემდეგ ისაუბრა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის შეცვლაზეც:
"სათადარიგო სკამზეც კარგი ფეხბურთელები გვყავს, აქცენტს მხოლოდ ძირითად შემადგენლობაზე არ ვაკეთებთ. წინ ბევრი თამაში გველოდება, ამიტომ, მთელი შემადგენლობის გამოყენებას ვცდილობ. ბედნიერი ვარ კვარას გამო, რადგან მან შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ შესვენებაზე მითხრა, რომ კუნთები სტკიოდა და არ მინდოდა მისი დაკარგვა გამერისკა".

ფრანგმა სპეციალისტმა ოსიმენის მიერ პენალტის ვერგატანასა და შეცვლის დროს მის უარყოფით რეაქციაზე თქვა: "ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. მისი დამოკიდებულება შეცვლაზე არ იყო კარგი, მაგრამ უკვე ველაპარაკე მას და გუნდს, არის რაღაცები, რაც გასახდელში რჩება. როდესაც ვიღაცას ცვლიან, უმჯობესია უკმაყოფილო იყოს, შეიძლება არც მე ვიყო მათი თამაშით კმაყოფილი. ბევრი ფეხბურთელი მყავს და ყველა უნდა გამოვიყენო".
შეცვლის შემდეგ გარსია კვარაცხელიას ჩაეხუტა, რაზეც ასევე ჰკითხეს, მაგრამ მას ძალიან ლაკონური პასუხი ჰქონდა: "ყველა ჩემს ფეხბურთელს ვეხუტები".
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა. ნაპოლის სერია A-ში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 5 ტურის შემდეგ 8 ქულა დაუგროვდა, მომდევნო შეხვედრას კი 27 სექტემბერს, შინ უდინეზესთან ჩაატარებს.
კომენტარები