Thumbnail
  • უელსი 40:6 ავსტრალია
  • უორენ გეტლანდის გუნდმა მეტოქეს რეკორდული სხვაობით მოუგო

საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მესამე სათამაშო კვირა საქართველოს ნაკრების ჯგუფის მატჩით დაიხურა, რომელშიც ერთმანეთს უელსი და ავსტრალია დაუპირისპირდნენ - მატჩი უორენ გეტლანდის გუნდის ისტორიული და რეკორდული გამარჯვებით დასრულდა 40:6, ასეთი სხვაობით უელსელებს ავსტრალიელებისთვის არასდროს მოუგიათ.

მატჩის პირველი ქულები უელსელებმა მე-3 წუთზე მოიპოვეს - აუტის ჩამოწოდების შემდეგ მათ მეტოქის ხაზი მარტივად გაჭრეს და საბოლოო ჯამში, გარეტ დეივისმა მოახერხა ლელოს დადება, დენ ბიგარმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ამას ბენ დონალდსონის ზუსტად შესრულებული ზედიზედ ორი საჯარიმო მოჰყვა, შემდეგ კი გეტლანდის გუნდი მეტოქეს აშკარად ჯობდა, რაც ანგარიშშიც აისახა - გარეთ ენსკომბმა სამი ჯარიმა გაიტანა და მისი გუნდის უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა.

გეტლანდის გუნდს სამიდან სამი მოგება დაუგროვდა

სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა, ედი ჯონსის გუნდი კვლავ ვერ ახერხებდა თამაშის გამოსწორებას, უელსელები კი უნაკლოდ გამოიყურებოდნენ. ენსკომბის ჯარიმას ნიკ ტომპკინსის ლელო მოჰყვა, ენსკომბმა გარდასახვაც შეასრულა და 52-ე წუთზე შესრულებული ზუსტი ჯარიმით სხვაობა 23 ქულამდე გაზარდა. ავსტრალიელებმა მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხეს, მეტიც, უელსელებმა, საბოლოო ჯამში, 34 ქულით (!) მოიგეს. შეხვედრის ბოლოს ლელო აგორებული მოლის შემდეგ ჯეკ მორგანმა დადო.

ამრიგად, უელსს C ჯგუფში 3-დან 3 მოგება დაუგროვდა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ავსტრალიის მდგომარეობა კი ძალიან დამძიმდა, ედი ჯონსის გუნდს მხოლოდ თეორიული შანსი რჩება ჯგუფიდან გასასვლელად. შემდეგ კვირას ამ ჯგუფის ორი მატჩი ჩატარდება - ფიჯი საქართველოს შეხვდება, ავსტრალია კი პორტუგალიას.

კომენტარები

ბოლო ამბები