- ატლეტიკო 3:1 რეალ მადრიდი
- სიმეონეს გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა
ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში მადრიდული დერბი გაიმართა, რომელიც ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩევა. მადრიდის ატლეტიკომ ამჯერად რეალ მადრიდი 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მადრიდულ დერბიში პირველი გოლი მე-4 წუთზე გავიდა. სამუელ ლინომ საჯარიმოში ალვარო მორატა მოძებნა, რომელმაც თავური დარტყმით მასპინძლები დააწინაურა. მე-18 წუთზე ატლეტიკომ უპირატესობა ორამდე გაზარდა და ამჯერადაც გოლი თავური დარტყმის შემდეგ გავიდა - საულ ნიგესის ჩაწოდების შემდეგ კარში ზუსტად ბურთი გრიზმანმა გადაგზავნა. “სამეფო კლუბმა” ერთი გოლის გაქვითვა ტონი კროოსის წყალობით მოახერხა, რომელმაც 35-ე წუთზე საჯარიმოს გარედან დაარტყა და ობლაკს გაუტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დიეგო სიმეონეს გუნდმა კომფორტული უპირატესობა კვლავ მოიპოვა და გოლი ისევ თავით გაიტანა - საულ ნიგესმა კვლავ ზუსტად ჩააწოდა, ალვარო მორატამ კი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. 46-ე წუთის შემდეგ ამ შეხვედრაში გოლი აღარ გასულა და საბოლოო ჯამში, დიეგო სიმეონეს გუნდმა სამი ქულის მოპოვება მოახერხა.
ამრიგად, რეალმა მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა. კარლო ანჩელოტის გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, ატლეტიკოს კი 10 ქულა აქვს, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
კომენტარები