Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისთვის მსოფლიო თასზე ამ თამაშის ვერმოგება უბრალოდ არც კი განიხილებოდა, მაგრამ ასეთები რაგბიშიც ხდება - მით უმეტეს, თუ ბევრ შეცდომებს დაუშვებ. პორტუგალიასთან 18:18-ის შემდეგ "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა და კაპიტანმაც სწორედ შეცდომებზე ისაუბრეს. გარდა ამისა: ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი 2 მედლით დავასრულეთ (ორივე არაოლიმპიურ წონაში), ხოლო ძიუდოში ბაქოს გრანდ სლემზე კი საქართველოს ნაკრებმა 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვა. თორნიკე შენგელიამ იტალიის სუპერთასი მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კი ყველაზე საინტერესო ისევ მის შესახებ გაკეთებული კომენტარებია... 


ჭიდაობა | აბულაძის ოქრო ბელგრადიდან

ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც დასრულდა. ბოლო დღეს ლერი აბულაძე ოქროს მედალს დაეუფლა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 63 კგ წონით კატეგორიის ფინალში მან აზერბაიჯანელ მურად მამადოვს ბოლო ქულის უპირატესობით მოუგო (2:2). საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა. ქართველებმა ორივე მედალი არაოლიმპიურ წონაში მოიპოვეს - ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ვერცხლი და ლერი აბულაძემ (63 კგ) ოქრო. მანამდე, მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი და 2 ოლიმპიური ლიცენზია დაისაკუთრა.

ძიუდო | 1 ოქრო და 2 ვერცხლი ბაქოდან

გასულ უიკენდზე გაიმართა ბაქოს გრანდ სლემი ძიუდოში, რომელიც საქართველომ 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ოქროს მედალი ილია სულამანიძემ (100 კგ) მოიპოვა. იგი ფინალში რუს მატვეი კანიკოვსკის დაუპირისპირდა, რომელთანაც მთელი ბრძოლის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. გადამწყვეტი გამოდგა ილიას ილეთი შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე, რომელიც ვაზარით შეფასდა. +100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ფინალში იყო, მაგრამ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ინალ ტასოევთან წააგო. საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ბაქოში 17 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი, გრანდ სლემი 3 მედლით დაასრულა - ეთერ ლიპარტელიანი (ვერცხლი), ილია სულამანიძე (ოქრო), გურამ თუშიშვილი (ვერცხლი).

კალათბურთი | შენგელიამ სუპერთასი მოიგო

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის სუპერთასის ფინალში ბრეშა გაანადგურა 97:60 და ამ ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 22 წუთში ორმაგი დუბლის გაფორმება 15 ქულითა და 12 მოხსნით მოახერხა. მის ანგარიშზე ასევე 4 პასი იყო. თორნიკემ 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მას საუკეთესო +/- მაჩვენებელი ჰქონდა 31. რაც შეეხება პასივს, მან მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და ერთხელაც არ დაჯარიმებულა. აქვე ვიტყვით იმას, რომ შენგელია იტალიის სუპერთასის MVP გახდა.

ნაპოლი | კვარაცხელიას თამაშის გამოხმაურება

ნაპოლიმ ვერ მოიგო (0:0 ბოლონიაში), რუდი გარსიამ კი ხვიჩა კვარაცხელია ისევ შეცვალა. საქართველოს ნაკრების ლიდერს ცუდი თამაში არ ჰქონია და პენალტიც მოიპოვა, რომელიც ოსიმენმა ვერ გაიტანა. მატჩის შემდეგ იტალიურმა მედიამ ნეაპოლელთა მწვრთნელი გააკრიტიკა. შექმნილ მდგომარეობაზე თავად მწვრთნელმა და ნაპოლის კაპოტანმა ჯოვანი დი ლორენცომაც ისაუბრეს.

📋 | რა ითქვა და რა დაიწერა კვარაცხელიაზე - ნახეთ აქ.

რაგბი | კომენტარები იმედგაცრუების შემდეგ

"ბორჯღალოსნებმა" 2023 წლის მსოფლიო თასის მეორე მატჩში ფავორიტის სტატუსი არათუ ვერ გაამართლეს, პორტუგალიელებს ცოტა იღბალიც რომ დახმარებოდათ, ოცნებას აისრულებდნენ - პირველ, ისტორიულ გამარჯვებას იზეიმებდნენ მსოფლიო თასზე. საქართველოს ნაკრები კარგი პირველი ნახევრის, მაგრამ ძალიან ცუდი მეორე ტაიმის შემდეგ, წაგებას ბოლო წამებზე გადაურჩა, შეხვედრა კი ფრედ, 18:18 დასრულდა, რაც ქართული რაგბისთვის დიდი იმედგაცრუებაა. 

📋 | მთავარი მწვრთნელის და კაპიტნის კომენტარები წაიკითხეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები