- აიაქსმა მისლინტატი გაუშვა, მაგრამ მისი ტრანსფერების კვლევა გრძელდება
- გაშვებულ დირექტორზე ამბობენ, რომ მწვრთნელის აზრს არ ითვალისწინებდა
ახალ სეზონში საშინელი სტარტის, ფეიენოორდთან სკანდალური მატჩისა და სპორტული დირექტორის, სვენ მისლინტატის გათავისუფლების შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ აიაქსში სრული ქაოსია.
ამსტერდამული კლუბი ადასტურებს, რომ მისლინტატის გაშვების შემდეგ გრძელდება ხორვატი მცველის, ბორნა სოსას ტრანსფერის დეტალების გარკვევა, უფრო კონკრეტულად კი იმის, თუ როგორ იქცეოდა მისლინტატი ამ ტრანსფერის განხორციელებისას. თუმცა, ამავდროულად აიაქსის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მისლინტატის გათავისუფლებას ამ ამბავთან კავშირი არ აქვს, რაც რთული დასაჯერებელია. ამსტერდამელებმა სპორტული დირექტორის გაშვების ოფიციალურ მიზეზად მისლინტატისადმი კლუბის თანამშრომლების ნდობის დაკარგვა დაასახელა.
“სხვადასხვა მცდელობებმა, რომ მდგომარეობა გამოსწორებულიყო, შედეგი არ გამოიღო, რამაც კლუბში მღელვარება გაზარდა. სწორედ ამის შედეგია სპორტული წარუმატებლობებიც,” - ვკითხულობთ აიაქსის ვებგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ სწორედ მისლინტატის სახელს უკავშირდება გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერიც - საქართველოს ნაკრების ფორვარდი აიაქსში სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მიიყვანეს.

ზოგადად, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მისლინტატმა 109 მილიონი ევრო დახარჯა და ახალმა ფეხბურთელებმა იმედები ვერ გაამართლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფეხბურთელების გაყიდვით აიაქსმა 156 მილიონი გამოიმუშავა. კვირას, ფეიენოორდთან მატჩში ამსტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა მორის სტეინმა ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელები ათამაშა. მისლინტატის მიყვანილმა სოსამ მარცხენა მცველის პოზიციაზე შეცდომები დაუშვა და შესვენებაზე შეცვალეს. მატჩი 3-ჯერ შეწყდა, საბოლოოდ კი ჩაიშალა. შეხვედრის შემდეგ აიაქსის ფანებმა არეულობა სტადიონის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზეც მოაწყვეს.
კრიტიკოსები მისლინტატს ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელების ზედმეტად ძვირად ყიდვის გამო აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ტრანსფერებზე მუშაობისას ის გუნდის მთავარი მწვრთნელის მოსაზრებებს არ ითვალისწინებდა.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს: მას აიაქსში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, მხოლოდ ერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში, ბოლო ორი თამაში კი, სათადარიგო სკამზე დარჩა.
კომენტარები