Thumbnail

რაგბის მსოფლიო თასის C ჯგუფში, რომელშიც საქართველოსთან ერთად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და პორტუგალია არიან, პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილია. უორენ გეტლანდის გუნდმა "ვოლაბებთან" გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა, ავსტრალიელებს კი ამის მხოლოდ თეორიული შანსი რჩებათ, შესაბამისად, ფიჯის ნაკრები პლეი ოფში გასვლასთან და ისტორიულ შედეგთან ძალიან ახლოსაა.

კუნძულელებს ორი შეხვედრა დარჩათ ჩასატარებელი. ერთ-ერთი კი სწორედ ბორჯღალოსნებთან მატჩია, რომელიც შაბათს, 30 სექტემბერს გაიმართება. კუნძულელების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მორაგბემ, ჯოსუა ტუისოვამ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიჯელები ამ შეხვედრას როგორც ფინალს ისე უყურებენ.

"საქართველო და პორტუგალია კარგი გუნდები არიან და მათ მსუბუქად არ ვუდგებით, ამ კვირაში საქართველოს ვხვდებით, ქართველი მორაგბეების წინააღმდეგ ნათამაშები მაქვს, ჩვენ ამ მატჩს როგორც ფინალს ისე ვუყურებთ და გამარჯვებას შევეცდებით", - აღნიშნა ტუისოვამ.

შემოდგომის ერთა თასი - ტუისოვა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა ბოლო შეხვედრაში პორტუგალიასთან ფრე 18:18 ითამაშა. საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, ფიჯის შემდეგ ბოლო ტურში ბორჯღალოსნები უელსის ნაკრებს შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები