- ევროპოპის YouTube არხზე პირველი ოქტომბრიდან ახალი სეზონი იწყება
- გასვლითი შეხვედრები, განახლებული მაგიდის დერბი და ბევრი სიახლე გელით
პირველი ოქტომბრიდან “ევროპოპის” YouTube არხზე ახალ სეზონს ვიწყებთ! ვიწყებთ იქიდან, სადაც გასული სეზონი დავასრულეთ, მაგრამ ბევრი სიახლით. ამ სტატიაში მოგიყვებით, რა ელოდებათ ჩვენი არხის გამომწერებს, რომელთა რაოდენობამ 42 000-ს გადააჭარბა.
განახლებული მაგიდის დერბი
მეტი მონაწილე, მეტი პრიზი, მეტი თამაში და განახლებული სისტემა - ევროპოპის მკითხველებს და YouTube არხის გამომწერებს პირველი ოქტომბრიდან “მაგიდის დერბის” ახალი სეზონი გელოდებათ. წინა სეზონის ბოლოს მინი-ჩემპიონატის ჩატარებამ გაამართლა. მოლოდინს გადააჭარბა როგორც მაყურებლების ინტერესმა და ჩართულობამ, ისე მონაწილეების აზარტმა და კმაყოფილებამ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს არხზე, ახალ სეზონში, "მაგიდის დერბი" კიდევ უფრო მასშტაბური გამხდარიყო. თამაში, რომელმაც პოპულარობა სწრაფად მოიპოვა, დიდ ტურნირად ვაქციეთ და კარგი პრიზებიც დავაწესეთ.

ახალ სეზონში “მაგიდის დერბი” 2 ფაზად ჩატარდება. თითოეულ ფაზას 8-8 მონაწილე ეყოლება, რომლებიც პლეი ოფის სისტემით მივლენ ფინალამდე. პირველი ფაზა ახალ წლამდე დასრულდება, მეორე კი ახალი წლის შემდეგ გაიმართება. “ევროპოპის” სტუდიას ორივე ტურნირის გამარჯვებული “ვესპას” ახალი სკუტერით დატოვებს. მერე კი გველოდება სუპერფინალი გამარჯვებულებს შორის, რომლის ტრიუმფატორიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 2-კაციან საგზურს მოიგებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქ საქართველოს ნაკრების თამაშს დაესწრება.
პირველი ტურნირის პირველი თამაში ევროპოპის YouTube არხზე 1 ოქტომბერს დაიდება და სწორედ ამ ვიდეოთი გაიხსნება ახალი სეზონი. წილისყრის და მონაწილეების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.
გასვლითი შეხვედრა
ვიცით, რომ ყველაზე მეტად “გასვლითი შეხვედრის” გეგმები გაინტერესებთ: დიახ, “გასვლითი შეხვედრის” სერიები ჩვენს არხზე აუცილებლად გაგრძელდება. “ევროპოპის” გამომწერები ყველაზე მეტად სწორედ ამ რუბრიკის ახალ ეპიზოდებს ელოდებით ხოლმე და გეტყვით, რომ ახალ გადაცემებს ოქტომბერში ვიღებთ. ვისთან ჩავალთ და რა სერიები გელით, ამის შესახებ ძალიან მალე, ჩვენი სოციალური ქსელებიდან შეიტყობთ.
ლევან ღვინიანიძე ("გასვლითი შეხვედრის" წამყვანი): “პირველი სერია ზუსტად შარშან ამ დროს გავიდა. ერთი წლის შემდეგ მესამე სეზონს რომ ვიწყებთ, შარშან ამის პროგნოზირება ადვილი არ იყო. ჩემთვის ეს ისეთი პროექტი გამოდგა, ოცნების ახდენა რომ შეიძლება ეწოდოს. ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაც მისწორდება, ეს პირველ რიგში მოგზაურობაა - საინტერესო ადგილების ნახვა და ჩემთვის საინტერესო ადამიანებთან ჩემს საყვარელ თემებზე საუბარი. ეს რომ ჩემი სამსახური გახდა, ცხადია, ძალიან მახარებს.
ასევე მიხარია ისიც, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის შემდეგ პოტენციურ მოსანახულებელ ადგილებს რამდენიმე საინტერესო მიმართულება დაემატა. მართალია, ჯერ ვერავინ ათამაშდა ისე, როგორც მინდა და გამიხარდება საიმისოდ, რომ იქ დავადგეთ, მაგრამ ადრე თუ გვიან ათამაშდებიან და აუცილებლად წავალთ ყველგან. კრემონა, სპეცია… ძალიან მინდა ამსტერდამში დაბრუნებაც. წინა სეზონის ბოლოს, ამსტერდამში შოთა არველაძესთან ერთად რომ ვიყავით, ვერ ვიფიქრებდი, რომ ნიდერლანდების დედაქალაქში მალე დაბრუნების შანსი გაჩნდებოდა და თანაც, ისევ ქართველი თავდამსხმელის, ახლა უკვე აიაქსის მოქმედი ფეხბურთელის გამო. შოთასთან პირველ ეპიზოდში ვთქვი, სამწუხაროა, რომ ინგლისში ახლა არცერთი ქართველი არ თამაშობს-მეთქი და ესეც შეიცვალა - ჩაკვეტაძე უოტფორდში გადავიდა. იმედია, გადაწყვეტს, რომ დამელაპარაკოს.
ვიღაცებს ალბათ ვერ ვნახავთ, ვიღაცებს არ ვნახავთ - ჩვენ, როგორც წესი ადამიანებთან ჩავდივართ და არა მათ სტატისტიკურ მონაგართან. მოკლედ, “ევროპოპის” გამომწერებს ვპირდები, რომ ბევრი საინტერესო ადამიანის “გაძრობას” შევეცდებით ამ სეზონში. პლუს ამას, რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, გვაქვს რამდენიმე საინტერესო სიახლე და ახალი ადამიანებიც გვეყოლებიან პროექტში.”
სხვა რუბრიკები
თვეში ორჯერ დაიდება “თამაშის თეორიის” ახალი ეპიზოდები, რომლის შემადგენლობაშიც ცვლილებაა: წამყვანის პოზიციაზე რეზი ხუნწელიას გიორგი კაკაბაძე ჩაანაცვლებს, რომელიც ტატო ბაციკაძესთან და სტუმრებთან ერთად სხვადასხვა ეპოქის საინტერესო გუნდების თუ კონტროვერსული სიების შედგენით იქნება დაკავებული, რეზი კი პროდიუსერის სკამიდან გადაცემის შინაარსზე განაგრძობს ზრუნვას.
ტატო ბაციკაძე (europop live-ის და თამაშის თეორიის წამყვანი): “გასული სეზონი, რომელიც “ოქტოპუსის” და “ევროპოპის” თანამშრომლობის პირველი წელი იყო, ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა. დავიწყეთ არაერთი პროექტი, რომელთა კეთებაც ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო და მაყურებლის მხრიდანაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მივიღეთ. ახალ სეზონში, ბუნებრივია, იგივე გადაცემების გაგრძელებას ვაპირებთ, მაგრამ მიღწეულზე გაჩერება ნამდვილად არ გვსურს, უფრო მეტი გვინდა და მეტი გვინდა ჩვენი მაყურებლისთვის, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება. არაერთი კარგი გეგმები გვაქვს, რომლებსაც ნელ-ნელა განვახორციელებთ და ჩვენ მაყურებელს კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს შევთავაზებთ.”
“გაიმეორე პენალტის” სერიები თბილისის ლოკომოტივის საგურამოს ბაზაზე გაგრძელდება. europop live-ის სტუდიიდან კვლავ იმუშავებენ კალა და ტატო - ჩემპიონთა ლიგის და საქართველოს ნაკრების მატჩების შემდეგ ყოველთვის პირდაპირ ეთერში ვიქნებით და თქვენი ჩართულობის იმედიც გვაქვს. ასევე გელოდებათ ტრადიციული რუბრიკები “უპასუხე თუ შეგიძლია” და “რა დამაქვს დარბაზში”. გარდა ამისა, კვლავ პირდაპირ ეთერში იქნება GFC-ის შოუების რეპორტაჟებიც. ყოველ ხუთშაბათს ეთერში იქნება პოპულარული #ფუპოდკასტიც.
დავით ველიჯანაშვილი (მსახიობი, "ევროპოპის" გადაცემების წამყვანი): "პირველ რიგში, უდიდესი მადლობა ჩვენა გამომწერებს. მათი აქტიურობა და ჩართულობა ჩვენთვის მთავარი მოტივატორია. ახალ სეზონს ახალი შემართებით ვიწყებთ. "მაგიდის დერბის" ინტერესმა და გამოხმაურებამ გადაგვაწყვეტინა, რომ ამ სეზონში თამაში უფრო სახალისო და მასშტაბური ყოფილიყო. დავამატეთ კიდევ ერთი რაუნდი და ოდნავ შევცვალეთ წესები. ამ თამაშში მონაწილეებს აერთიანებთ ორი რამ: ფეხბურთის უზომო სიყვარული და ამ სპორტის შესანიშნავი ცოდნა. რა თქმა უნდა, დარჩება ჩვენი რუბრიკები "უპასუხე თუ შეგიძლია", "ჩემი არგუმენტი" და "რა დამაქვს დარბაზში", ოღონდ შეიძლება იმდენი აღარ, რამდენიც აქამდე იყო. შევეცდებით, საზღვარგარეთ მოასპარეზე და საქართველოში დროებით ჩამოსული სპორტსმენები, ასევე აქტუალური და საინტერესო ადამიანები ყოველთვის მოვიწვიოთ და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვათ."
დაელოდეთ ახალ სეზონს და თუ ჩვენი არხი ჯერ კიდევ არ აქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ.
კომენტარები