Thumbnail
  • სეზონის ბოლოს ქართველ ფეხბურთელს შტურმთან კონტრაქტი ეწურება
  • ანდრეას შიკერმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი მიმდინარე სეზონში გრაცის შტურმის შემადგენლობაში ძალიან კარგად გამოიყურება და ავსტრიის ბუნდესლიგაში 8 შეხვედრაში 2 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა.

27 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლოს შტურმთან კონტრაქტი ეწურება. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ანდრეას შიკერმა ამის შესახებ Sky Sport ავსტრიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყება. აღსანიშნავია ისიც, რომ კიტეიშვილის გარდა კონტრაქტი ეწურებათ შტეფან ჰიერლანდერსა და დავიდ აფენგრუბერს.

"მრჩეველებთან და მოთამაშეებთან მოლაპარაკებებს მალე დავიწყებთ. ამის შემდეგ, ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას. ამ მოთამაშეებმა კლუბისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს. ოთარი ჩვენთან რამდენიმე წელია რაც თამაშობს და ყველაფერს კარგად აკეთებს, ჰიერლანდერი ჩვენი კაპიტანია, რომელსაც მოედნის მიღმაც მნიშვნელოვანი როლი აქვს, აფენგრუბერი მესამე წელია ჩვენთან ერთადაა და რეგულარულ მოთამაშედ იქცა, მას ყოველთვის დადებითი ენერგია აქვს. შესაბამისად, სამივე ფეხბურთელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა შტურმის სპორტულმა დირექტორმა.

გრაცის შტურმმა ბოლო ტურში ვენის რაპიდთან ფრე 1:1 ითამაშა. კიტეიშვილის გუნდი ავსტრიის ბუნდესლიგაში 18 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და 1 ქულით ჩამორჩება ზალცბურგს. შტურმი მომდევნო მატჩს 1-ელ ოქტომბერს ტიროლთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები