Thumbnail

იტალიური ვირტუსის ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელიას სეზონის შედეგიან სტარტს გამოეხმაურა. მისმა გუნდმა იტალიის სუპერთასზე ორ მეტოქეს აჯობა და ტიტულის მფლობელი გახდა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კი ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყო და მინი-ტურნირის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულსაც დაეუფლა.

თორნიკე შენგელია: "შემიძლია ვთქვა, რომ სეზონის პირველი მიზანი მიღწეულია.  გუნდში ჩინებული ატმოსფეროა და ეს იგრძნობა, როგორც უშუაოდ გასახდელში, ასევე ქომაგების მხარდაჭერაშიც. ნამდვილად ამაყი ვარ თანაგუნდელებით, რომლებმაც წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ბედნიერი ვარ, რომ ვირტუში ვიმყოფები. პირად სტატისტიკაზე საუბარი არ მსურს. მთელმა გუნდმა მაგრად იმუშავა, დაცვაში ყურადღებით ვითამაშეთ, შეტევაში ერთმანეთს კარგად ვუგებდით და მოხსნებზეც შესაბამისად ვიმუშავეთ".

შეგახსენებთ, რომ ვირტუსმა სუპერთასის ნახევარფინალში უმთავრეს კონკურენტ ოლიმპია მილანოს 78:73 სძლია, შენგელიამ კი 13 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ფინალში თოკო კიდევ უფრო უკეთესი იყო. ბოლონიელებმა ბრეშა 97:60 გაანადგურეს, ხოლო ქართველი მძიმე ფორვარდის მონაგარი 15 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი გახლდათ.

ვირტუსს სერია A-ს სასტარტო მატჩი 1 ოქტომბერს სკაფატისთან ელის, ევროლიგის ახალ სეზონში კი, 5 ოქტომბერს, კაუნასის ჟალგირისთან საშინაო თამაშით ჩაებმება.

კომენტარები

ბოლო ამბები